გვინდა, ელექტროენერგია არ იყოს ძვირი, მაგრამ არ გვინდა დიდი ჰესები, ასე არ ხდება - ბოკერია

პუბლიკა

„გვინდა, ელექტროენერგია არ იყოს ძირი, მაგრამ არ გვინდა დიდი ჰესები, ასე არ ხდება”, – ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „გირჩი ტვ-სთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებულ კითხვებსაც უპასუხა.

როგორც ბოკერია განმარტავს, ნებისმიერი სამოქალაქო აქტიურობა, ის, რომ ადამიანებს საკუთარი შეხედულება აქვთ და მას მშვიდობიანად გამოხატავენ, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მახასიათებელია, თუმცა, ამასთანავე „უნდა ვიყოთ ფხიზლად“.

„თავისთავად, ყველა ამ ტიპის პროექტზე, მარტო დიდ ჰესებზე არა, ნებისმიერ დიდ პროექტზე, რაც საზოგადო სიკეთეს შეეხება, დისკუსია ლეგიტიმურია სერიოზულ საკითხებთან დაკავშირებით – კერძო საკუთრება, ადამიანის და საჯარო სიკეთესთან მიმართებაში რაღაც, რაც გასაკეთებელია. ეს არ არის მარტივი საკითხი, დალაგებულ ლიბერალურ დემოკრატიებშიც კი ლეგიტიმური დისკუსიის თემაა. ასევე, ყოველთვის ლეგიტიმური დისკუსიის თემაა, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, შიშები, კითხვები გარემოსდაცვით საკითხთან დაკავშირებით, ოღონდ, აშკარა, არა ექსტემისტული.

მე არ შემაქვს ეჭვი აქტივისტების ნაწილის გულწრფელობაში, რომელბსაც ამ ტიპის საკითხები აწუხებთ. ამის მიღმა, ჩემი აზრით, ძალიან სახიფათო, ქვეყნის მომავლისთვის საზიანო მოტივები, რომლებიც, მე როგორც მომეჩვენა, დომინირებდა იქ. ეს არის ქსენოფობია – “უცხოელები მოდიან და ქართველობას გვართმევენ”, “სამშობლო დავიცვათ”, ეს არის ძალიან საზიანო, რუსულ პროპაგანდასთან ჰარმონიაში მყოფი თემები, რომლებიც არც მყისიერად და არც მოვალში არაფერ კარგს არ მოგვიტანს. ადამიანების ნაწილი, ვინც იქ ჩანდნენ, სწორედ ამ იდეების მატარებელია, რომელიც ფუნდამენტურად თავისუფლებისა და ამ ქვეყნის მომავლის საწინააღმდეგოა”. – ამბობს ბოკერია.