„გვინდა ღარიბაშვილთან შეხვერდა“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ,,ანტიკორუფციულმა მოძრაობამ” ოკუპირებული გალის რაიონში დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გამართა.

დღევანდელ აქციას ,,ანტიკორუფციულმა მოძრაობის” წევრებთან ერთად ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

„ჩვენი მოთხოვნა 2 წლის თავზეც უცვლელია. ჩვენ გვინდა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა, მაგრამ მისგან დღემდე პასუხი არ გვაქვს. ადმინისტრაციიდან იყო პასუხი, რომ ჯერჯერობით ვერ ახერხებდა ჩვენთან შეხვედრას, მაგრამ აუცილებლად მოხდებოდა. თუმცა 2 წლის თავზეც, ბატონი ირაკლი ვერ ახერხებს ჩვენთან კომუნიკაციის დამყარებას და ელემენტარული ოჯახის ნახვას და მოკითხვას. ირაკლი ბებუა დღემდე 2 წლის თავზე იმყოფება აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში და მთავრობა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ ახორციელებს არანაირ ქმედით ნაბიჯს, არ იყენებს საერთაშორისო ბერკეტებს, იმისთვის რომ გაათავისუფლონ ირაკლი.“ – აცხადებს ირაკლი ბებუას ბიძაშვილი თამუნა ბებუა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუა 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მან გალის რაიონში  „აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშა“ დაწვა. მას ცხრა წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯეს.