უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის Facebook-გვერდზე საქართველოს შესახებ განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ სურს, საქართველო ევროკავშირის წევრი იყოს.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ დღეებში საქართველოს მოედნებსა და ქუჩებში უკრაინის დროშები ეჭირა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი ეროვნული ჰიმნისთვის, რომელიც თბილისში გაისმა. ეს არის პატივისცემა უკრაინის მიმართ და მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი პატივისცემა საქართველოს მიმართ.
არ არსებობს ისეთი უკრაინელი, რომელიც ჩვენს მეგობარ საქართველოს წარმატებას არ უსურვებს. დემოკრატიული წარმატებას. ევროპულ წარმატებას.
ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროკავშირში – და ვიქნებით. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩვენ გვინდა, რომ მოლდოვა იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ევროპის ყველა თავისუფალი ხალხი ამას იმსახურებს.
დიდება ყველას, ვინც ახლა იბრძვის უკრაინისთვის! დიდება ყველას, ვინც იბრძვის თავისი ძმებისთვის! დიდება უკრაინას!“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.