დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მთის ამბების რედაქტორის გელა მთივლიშვილის სასამართლო პროცესი. იგი დააკავეს 23 იანვარს, ჟურნალისტური საქმიანობის დროს, კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების გაშუქებისას.
სხდომა დაიწყო მთივლიშვილის ადვოკატის შუამდგომლობით, რომ შსს-ს მათთვის გადაეცა საქმის მასალები, ვინაიდან მათ აქამდე არ ჰქონიათ ამ მასალების გაცნობის საშუალება. ამისთვის პროცესზე 15 წუთიანი შესვენება გამოცხადდა.
ამ მასალების მიხედვით, გელა მთივლიშვილი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნებს, უშლიდა მათ ხელს საქმიანობაში, უწოდებდა მონებს და აგინებდა დედის მიმართულებით.
გელა მთივლიშვილი იხსენებს, რომ კეკელიძეზე იგი შეესწრო მისთვის უცნობი მოქალაქის დაკავების პროცესს და დაიწყო ტელეფონით გადაღება.
„ვიდექი მინიმუმ 5 მეტრის დისტანციიდან, ეს კამერაშიც ჩანს. მოქალაქეს 3 – 4 პირი აკავებდა, ერთი მათგანი, ნაცრისფერი ქუდით, მოტრიალდა ჩემკენ და დამეტაკა, რათა ხელი შეეშალა გადაღებისთვის. როცა დამეჯაჯგურა და გავუმეორე რომ ხელი გაეშვა, და მაინც მიშლიდა ხელს და მეჭიდავებოდა, მივმართე რომ ნუ თავხედობდა და ხელი გაეშვა. ამის შემდეგ 3-4 კაცი დამეტაკა და შემაგდეს მანქანაში… ამის მერე დაძრეს მანქანა და დაახლოებით ასი მეტრის შემდეგ გაჩერდნენ. მე ხმამაღლა და დაჟინებით ვითხოვდი განმარტებას, რატომ დამაკავეს. მანქანაში იჯდა 5 პოლიციელი. მახრჩობდნენ, მიჭერდნენ კისერში, მაყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, გავხდი შეუძლოდ, მოვითხოვე სასწრაფოს გამოძახება და არ გამოიძახეს“, – ამბობს გელა მთივლიშვილი.
ამის შემდეგ მოწმეთა დაკითხვის ეტაპი დაიწყო. პოლიციის წარმომადგენელმა ანრი ფხაკაძემ სასამართლოს უთხრა, რომ ისინი ასრულებდნენ მოვალეობას, აკავებდნენ მოქალაქეს, რა დროსაც გელა მთივლიშვილი მიუახლოვდა მათ, აგინებდა, ცდილობდა მათთვის წაერთმია დასაკავებელი პირი „სახის სახეზე მოდებით, თითის მოშვერით გვაგინებდა, იწევდა ჩვენკენ, ჩვენ მივმართავდით თავაზიანად“.
აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ვერ წარმოადგინა საკუთარი სიტყვების დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულება, ხოლო რაც წარმოადგინეს, იმ მასალაში მთივლიშვილი საერთოდ არ ჩანს.
საპირისპიროდ, დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა თავად მთივლიშვილის გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ იგი იღებს პროცესს და მას აკავებენ იმ წინასწარი პერიპეტიების გარეშე, რასაც პოლიციელი აღწერდა.
საბოლოო სიტყვაში შსს-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ მსუსხავი ეფექტია საჭირო და გელა მთივლიშვილი ცნობილი უნდა იქნეს სამართალდამრღვევად. ადვოკატების თქმით კი შსს-ს ქმედებებს ნამდვილად აქვს მსუსხავი ეფექტი გამოხატვის თავისუფლებისთვის, თავისუფალი მედიისთვის. მოსამართლის თქმით, სასამართლო გადაწყვეტილებას 31 იანვარს გამოაცხადებს.
თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს ძალის გამოყენებით გამოასახლა. სადარბაზოსა და ბინაში შესასვლელად უწყების წარმომადგენლებმა კუთხსახეხი, ე.წ. ბარგალკა და რკინის სხვა ხელსაწყოები გამოიყენეს.
მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც დასჭირდა, აქციის რამდენიმე მონაწილემ კი პროტესტის ნიშნად აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრები ჩამტვრია.
შსს-მ ჯამში 20 ადამიანი დააკავა, 18 პირი – ადმინისტრაციული წესით. 2 პირი – მოძრაობა „ხმის“ წევრები, კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია, სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მათ ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან. აღნიშნული მუხლი სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოცხადდეს სასწრაფო მორატორიუმი ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე“ – ასეთია მოთხოვნა მოქალაქეებისა, რომლებიც გამოსახლების წინააღმდეგ მოძრაობაში ერთვებიან.