კლუბი KHIDI „ქართული ოცნების“ ჰომოფობიურ კანონპროექტს ეხმაურება. კლუბის განცხადებით, „LGBTQI+ პროგაპანდის“ წინააღმდეგ დაწყებული კამპანიითა და ეს საკანონმდებლო ინიციატივა ინსტიტუციური ჰომოფობიის მაჩვენებელია.
მაგრამ KHIDI წერს, რომ მათი რწმენით, ხელისუფლებისგან განსხვავებით საზოგადოება თავისუფალი და ტოლერატულია, ამიტომ მსგავსი მავნებლური ინიციატივები განწირულია მარცხისთვის.
„მაშინ როდესაც ლგბტქ ადამიანები, მათი უფლებების დაცულობის კუთხით, არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან და ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში უთანასწორო მოპყრობის რისკის წინაშე იმყოფებიან, ხელისუფლება, ნაცვლად იმისა რომ დგამდეს ქმედით ნაბიჯებს მათი მდგომარეობის გამოსასწორებლად, აღნიშნული პოპულისტური საკანონმდებლო ცვლილებით ცდილობს თავისუფალი და კრიტიკული აზრის ჩახშობასა და წლების განმავლობაში სისტემურად მარგანილიზებული ჯგუფის მეტად იზოლირებას.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ დისკრიმინაციული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ საზოგადოების კონსოლიდაციას და სახელმწიფოს მხრიდან LGBTQI+ ჯგუფის უფლებების რეალურ აღიარებასა და ჯგუფის საჭიროებებზე დაფუძნებული კომპლექსური ზომების მიღებას.
გვჯერა, მსგავსი მავნებლური ინიციატივები განწირულია მარცხისთვის, რადგან ჩვენ ვართ ევროპული, ტოლერანტული და თავისუფალი საზოგადოება, რომელიც ხელოვნურად გაჩენილ კრიზისს მუდმივად საკადრისად პასუხობს“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
2024 წლის 25 მარტს „ქართულმა ოცნებამ” ჰომოფობიური საკანონმდებლო ცვლილებები დააინიციირა, რომელიც მხატვრული ნაწარმოებების ცენზურასა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც ითვალისწინებს.
წარდგენამდე მის შესახებ მმართველი გუნდის წევრები გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში საუბრობდნენ.
„ოცნების“ ლიდერები ამბობდნენ, რომ შეზღუდავდნენ, მათი მტკიცებით, „ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას“.
მამუკა მდინარაძის თქმით, ცვლილებები შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს. კერძოდ, მას დაემატება მე-3 მუხლი, სადაც ჩაიწერება, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია”.
შემდეგ კი უნდა მოხდეს მთელი რიგი კანონების შეცვლა და მათი ჰომოფობიურად ფორმულირება.
მდინარაძის ჰომოფობიურ ინიციატივაში ნათქვამია, რომ „კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს”.
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, აკრძალულია იმგვარი შეკრება, ასევე, ისეთი ნაწარმოებების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში ამავე შინაარსის ინფორმაციის მიწოდება.
არ არსებობს მეცნიერულად გამყარებული მტკიცებულება, რომ „პროპაგანდა“ ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ცვლის.
ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილებებს ითვალისწინებს, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კი „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი რაოდენობით დეპუტატები არ ჰყავს.