გვჯერა, საქართველოც ჩაერთვება თურქეთში 3+3-ის შემდეგ შეხვედრაში - ჩავუშოღლუ

პუბლიკა

რუსული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ე.წ. 3+3 ფორმატის შემდეგი შეხვედრა შესაძლოა, თურქეთში გაიმართოს და ჩავუშოღლუ იმედს გამოთქვამს, რომ მასში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან განვიხილე ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა ბრიუსელში, ასევე 3+2 ფორმატის შეხვედრა, რომელიც მოსკოვში ჩატარდა საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე…

საქართველოს მასში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ გვჯერა, რომ ჩაერთვება შემდეგ შეხვედრაში, რომელიც, როგორც მოველით, თურქეთში გაიმართება“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსულ მედიასთან.


ე.წ 3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა მოსკოვში მოსკოვში გაიმართა. ამ ფორმატში მონაწილეობაზე უარი თქვა საქართველომ. შესაბამისად, მასში დანარჩენი ხუთი ქვეყნის – რუსეთის, თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და რეალურად, 3+2 ფორმატით ჩატარდა. თუმცა, ამის მიუხედავად შეხვედრის ამსახველ ფოტოში სხვებთან ერთად გამოჩნდა საქართველოს დროშაც.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მართალია, საქართველომ თავი შეიკავა მონაწილეობისგან, მაგრამ ქართული მხარე მიწვეული იყო და მისთვის მომავალშიც ღია რჩება კარი.

„ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებმა დაინტერესება გამოხატეს, შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს საქართველომაც, რომლისთვისაც კარი ღია რჩება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.