„გვმართებს, ამაზე სერიოზულად ვიფიქროთ" - მდინარაძის ჰომოფობიური განცხადება „ლგბტ-პროპაგანდაზე"

პუბლიკა

მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს სარწმუნოდ მიაჩნია მოსაზრება, რომ „ლგბტ-პროპაგანდამ” შესაძლოა „დრამატულად გაზარდოს კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლების რაოდენობა”.

მდინარაძე ამ ჰომოფობიური შეფასებით გამოეხმაურა პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის” მიერ მომზადებულ სიუჟეტს, სადაც საუბარია „გელაპის“ კვლევის შედეგებზე.

„თანამედროვე მსოფლიოში ძალიან აქტუალური გახდა ეს საკითხი. თქვენ გახსოვთ ალბათ წლების განმავლობაში კონცეფცია იმის შესახებ, რომ პროპაგანდამ არ შეიძლება ამ მიმართულებით ვიღაცის რაოდენობა გაზარდოს ან შეამციროს, მაგრამ რასაც „გელაპის” კვლევაში ვკითხულობთ, ეს ნიშნავს, რომ პროპაგანდას შეუძლია გარკვეული რაოდენობის ზრდა, და თან არა უბრალო ზრდა, არამედ სერიოზული ზრდა”, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, თანამედროვე მსოფლიოში საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ პროპაგანდა დაუშვებელია, თუმცა საღად მოაზროვნე ყველა ადამიანი ამბობს, რომ ყველა ადამიანის უფლებები, როგორ უმცირესობასაც არ უნდა წარმოადგენდეს ის, უნდა იყოს ზედმიწევნით დაცული. „და ბუნებრივია, ჩვენი დამოკიდებულებაც ეს არის”.

„უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან პროპაგანდა გარკვეული თემების, მათ შორის ლგბტ-პროპაგანდა, და ადამიანების უფლებების დაცვა, რომელიც გარკვეულ ჯგუფს წარმოადგენენ… არანაირი განსხვავებული ნიშანი არ შეიძლება გახდეს დისკრიმინაციის საფუძველი.

…მეორეს მხრივ, აბსოლუტურად სხვა თემაა პროპაგანდა, რომელიც, „გელაპის” კვლევას თუ დავუჯერებთ (ეს არის ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია) ამბობს, რომ ერთ-ერთ ქვეყანაში [ლგბტ-პროპაგანდამ] გაზარდა დრამატულად კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლების რაოდენობა. ჩვენ გვმართებს, რომ ამაზე სერიოზულად ვიფიქროთ.

ეს არ არის მარტივი თემა, ერთ-ერთი ძალიან სენსიტიური თემაა და თემა, რომელსაც თავისი განშტოებები აქვს და ყველა განშტოებას თავისი მიმდევარი ჰყავს ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების თვალსაზრისით”, – ამბობს მდინარაძე.

„პუბლიკის” რედაქცია ემიჯნება დეზინფორმაციულ და ჰომოფობიურ განცხადებას;