გვქონდა კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან, სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია - დარახველიძე

პუბლიკა

„მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და მას არ დაუტოვებია უკრაინის საზღვარი“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ცალსახად იყო დაფიქსირებული, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, რაც შეეხება ამ საკითხს, ჩვენ აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთობა გვქონდა უკრაინულ მხარესთან და მათგანაც დარწმუნებით და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და მას არ დაუტოვებია უკრაინის საზღვარი. რაც შეეხება მას, ის არის ძებნილი, მის მიმართა არის დამდგარი განაჩენი და თუკი იგი გადმოკვეთს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, ჩვენ მას დავაკავებთ და გადავიყვანთ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

დილის 9 საათისთვის ესპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა facebook-ზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ საქართველოშია. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. მან facebook-პოსტით ასევე მოუწოდა მოსახლეობას, 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან თბილისისკენ დაიძრან არჩევნების შედეგების დასაცავად. მისივე თქმით, თავადაც შეუერთდება ერთ-ერთ კოლონას. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში და მისი ვიდეოც არაა საქართველოში ჩაწერილი. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სააკაშვილის ვიდეო fake-ია, რაც სპეციალური ტექნოლოგიითა გადაღებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში იმყოფება.