გვქონდა მიკროაფეთქება საბურთალოს კლასტერში, რომელიც უკავშირდება სამედიცინო მუშაკს - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მსოფლიოში და საქართველოში არსებული ეპიდვითარება მიმოიხილა. მისი თქმით, ვითარება გლობალურად დაძაბული რჩება. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე.

„გლობალურად სიტუაცია ისევ დაძაბული რჩება. 45% -ია გლობალურად გამოჯანმრთელების მაჩვენებელი და 6% სიკვდილობა. დადებითი გახლავთ ის, რომ სიკვდილიანობის ტენდენცია მცირდება. მნიშვნელოვნად დაძაბულია სიტუაცია სამეზობლოში. ყველგან, გარდა თურქეთისა, რომელმაც ოდნავ დაასტაბილურა მდგომარეობა, ყველგან ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება. დღეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზღვრები  დაცულია და ამ საზღვრებიდან შემოსული ადამიანები გადადიან კარანტინში, ასევე არასახარბიელოა ზრდის ტენდენცია უკრაინასა და ბელარუსში, ასევე ყაზახეთსა და მოლდოვაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 11 ახალი შემთხვევიდან 8 საბურთალოს კლასტერს უკავშირდება. გამყრელიძის თქმით, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი საქართველოში 78%-ია გვაქვს, რაც გლობალურ მაჩვენებელზე უკეთესია.

„სერიოზული მიკროაფეთქება გვქონდა საბურთალოს კლასტერში, რომელიც უკავშირდება სამედიცინო მუშაკს. ერთ-ერთი საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალია, რომლისგანაც ამ დასახლებაში ეს ინფექცია გავრცელდა. დღევანდელი რიცხვით 23 ადამიანია ამ კლასტერში ნფიცირებული და უკვე 103 კონტაქტი გამოვიკვლიეთ. 42 კარანტინშია და დანარჩენი შიდა კარანტინში არიან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, დაიცვან წესები, რომლებსაც გასცემს ჯანდაცვის უწყებები.

„ეს შემთხვევები, რაც ბოლო 3 დღის განმავლობაში გვქონდა, ეს არ არის საშიში და პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ეს არ ნიშნავს, რომ შიდა გავრცელება დიდია. ყველა შემთხვევის წარმომავლობა ვიცით და მართვადია. არც შემთხვევების რაოდენობა არაა ისეთი, კონტროლი და კარგი მართვა რომ არ შეიძლებოდეს. საკმარისია რაოდენობა საწოლების და სამედიცინო პერსონალის ქვეყანაში და ეს ყველაფერი მართვადია. მაგრამ ამ შემსუბუქების პერიოდში უნდა დავიცვათ რეკომენდაციები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

STOPCOV.GE-ზე დღეს დილით განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვს 11 ადამიანი დაემატა და 794 შეადგინა.