იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ბავშვები აცრეს. მისი თქმით, ამის შესახებ საბჭომ დღესაც იმსჯელა.
„თორმეტი წლიდან ჩვენ გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დიაგნოზიდან გამომდინარე დავუშვით ბავშვების ვაქცინაცია. ამასთან დაკავშირებით საბჭომ დღესაც იმსჯელა, რათა შესაბამისი ჯგუფის მხრიდან ამ მიმართულებით გარკვეული რეკომენდაციები გაიცეს“, – განაცხადა მან.
მინისტრის შემდეგ ისაუბრა პედიატრმა, თემურ მიქელაძემ. მისი რეკომენდაციაა, ქრონიკული დაავადებების დროს მოხდეს ბავშვების ვაქცინაცია, სხვა შემთხვევაში აუცილებლობა არ არის.
„ჩემი მიმართვით რამდენიმე ბავშვი აიცრა ერთეულ შემთხვევებში. ეს იყო განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებები და ამ ბავშვებისთვის აუცილებელი იყო ვაქცინაცია. კონკრეტულად, იყო სამი პაციენტი – 12, 12 და 15 წლის. გადაიტანეს რეაქციის გარეშე, ერთ-ერთ მათგანს დაემართა კიდეც ვირუსი, მაგრამ მსუბუქი ფორმით გადაიტანა. გავიდა ერთი თვე და მეორე დოზაც დავამატეთ.
ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ განსაკუთრებული რისკჯგუფის ბავშვებს ჩაუტარდეთ ვაქცინაცია. რისკჯგუფის არმქონე ბავშვებში არ არის აუცილელბელი ვაქცინაცია და ვაქცინები ჯერ გამოვიყენოთ იმ ჯგუფისთვის, რომლისთვისაც კორონავირუსის ინფექცია შესაძლოა ლეტალობით დასრულდეს“, – განაცხადა მან.