თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის განცხადებებს გამოეხმაურა.
გვრიტიშვილი ალავიძეს „პატრონების დაკვეთის“ შესრულებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მისი განცხადებები კოლეგების მიმართ „უსინდისო ცილისწამებაა“.
„ისევ მიწევს, საზოგადოებას შევახსენო რამდენიმე ფაქტი მორიგი არჩევნების წინ, უკვე კანონზომიერად, გააქტიურებული ბესარიონ ალავიძის შესახებ, რომელიც არ ერიდება თავისი ყოფილი კოლეგების და სასამართლო სისტემის მიმართ უსინდისო ცილისწამებას.
ბესარიონ ალავიძე 2021 წლამდე მოსამართლე იყო, ჯერ სააპელაციო სასამართლოში, 2011 წლიდან კი – საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
მისი მოსამართლეობის პერიოდში, მე არ მახსოვს – ოდესმე ხმა ამოეღოს სასამართლო სისტემის წინააღმდეგ წარმოებული, ორკესტრირებული კამპანიის გასაპროტესტებლად; არადა, თუ მართლაც ისეთი ობიექტური, უშიშარი და სიმართლისმოყვარეა, როგორადაც თავს წარმოაჩენს, სწორედ მაშინ უნდა დაეცვა პროფესიული ღირსება.
ახლა კი, დღე არ გავა, ხანაც ერთ დღეში შესაძლოა, რამდენჯერმეც, რომ არ გამოქვეყნოს სოციალური ქსელის საშუალებით თავისი, სიძულვილის ენით ჩამოყალიბებული „მოსაზრებები“, რომლებშიც ლანძღავს ლამის ყველას და ყველაფერს.
მისი „გაბრაზება“ ადვილად აიხსნება: 2021 წელს მოინდომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სტატუსის შენარჩუნება, საჯარო კონკურსში მონაწილეობის გზით, რომელშიც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, კრახი განიცადა: ჯერ კიდევ მოქმედმა მოსამართლემ, საჯარო გასაუბრებისას ვერ უპასუხა მისთვის დასმულ 20-ზე მეტ სამართლებრივ შეკითხვას.
სწორედ ამ კონკურსის მისთვის სამარცხვინოდ დასრულების შემდეგ ბესარიონ ალავიძე დაუსრულებლად წუწუნებს და აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეები (თვითონ ისიც) განიცდიან (განიცდიდა) ზეწოლას ე.წ. კლანის მხრიდან.
საოცარი ლოგიკაა: თუ სისტემაში ასეთი გაუსაძლისი და ღირსების შემლახველი მდგომარეობა იყო და არის, თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასეთი „პირსისხლიანი“ იყო, რატომ მოინდომა ამ სისტემაში კვლავ და უვადოდ დარჩენა? რატომ და რის იმედად გავიდა ასეთი საბჭოს წინაშე კონკურსზე? ან სანამ ხსენებულ კონკურსზე გავიდოდა, რატომ ხვდებოდა პირადად საბჭოს ზოგიერთ წევრს და წინასწარვე ითხოვდა მის მხარდაჭერას? ასევე, რატომ დათანხმდა, კონკურსამდე, ამგვარ „პირსისხლიან“ საბჭოს უფლებამოსილების კიდევ რამდენიმე თვით გაგრძელებაზე?
თუ მასზე რაიმე სახის ზეწოლა იყო, 2017 წელს გამოძიების ფარგლებში დაკითხვისას, ასევე – მასმედიასთან საჯარო კომენტარებისას, რატომ აცხადებდა ბ. ალავიძე, რომ არასდროს განუცდია და დაუდასტურებია ზეწოლის არსებობა არავის მხრიდან?
იგივე განაცხადა პროკურატურამაც, გამოძიების მასალებზე დაყრდნობით, რომ ბ. ალავიძეზე რაიმე სახის ზეწოლის ფაქტი არ დასტურდებოდა.
როდის ცრუობდა თუ ცრუობს ბ. ალავიძე, მაშინ თუ ახლა?
ეს არის კითხვები, რომლებიც პასუხგაუცემელია.
სამაგიეროდ, გვაქვს პასუხი ერთ ლოგიკური კითხვაზე: რა მიზანს ისახავს ბესარიონ ალავიძის ამგვარი, სისტემატიური კამპანია? გვაქვს ინფორმაცია, რომ ის, კონკრეტულ ადამიანებთან, აცხადებდა, რომ ე.წ. ენჯეოსექტორის (რომელიც ქართულ სინამდვილეში უკვე ცნობილია, როგორც განსაკუთრებული დესტრუქციული ძალა, კაპიტანი გიგაურის და მისთანების ხელმძღვანელობით) დაპირებით და ხელშეწყობით, საკუთარი თავის ჩაგრულად, მსხვერპლად წარმოჩენის და ამით სასამართლო სისტემის „გაშავების“ სანაცვლოდ, ის მიიღებდა პოლიტიკურ თავშესაფარს საზღვარგარეთ და „უზრუნველ მომავალს“. ამ საქმეში მას უშუალოდ ეხმარებოდა ე.წ. ენჯეო-სექტორის ერთ-ერთი სახე და ლიდერი – კახა წიქარიშვილი, სასამართლო სისტემაზე განაწყენებული, კიდევ ერთი ეგზალტირებული ადამიანი. ამაზე მე ჯერ კიდევ 2022 წელს ვსაუბრობდი, მაშინაც უჩვეულოდ გააქტიურებული ბ. ალავიძის საპასუხოდ.
ამგვარი მიზნის არსებობით ხსნიდა ბ. ალავიძის მოულოდნელ და უჩვეულო გააქტიურებას მოქმედი და ცნობილი ადვოკატიც საკუთარ ფეისბუქ-სტატუსით, რომელიც აცხადებდა, რომ ეს აქტიურობა ბ. ალავიძის ,,ვაჟკაცობით“ კი არა, არამედ ,,პოლიტიკური თავშესაფრის ტკბილი სიკეთით“ იყო გამოწვეული.
ეს ყველაფერი ცხადად წარმოაჩენს, რომ ბესარიონ ალავიძე არ არის სასამართლო სისტემის კონსტრუქციული, ობიექტური და შედეგზე ორიენტირებული კრიტიკოსი. რეალობა ისაა, რომ არჩევნების წინ, მისმა პატრონებმა დაუკვეთეს სასამართლო სისტემის გაშავების მორიგი მცდელობა, პოლიტიკურ პროცესებში ტემპერატურის რამენაირად აწევის მიზნით. ამდენად, ბესარიონ ალავიძის სახით, ჩვენ ვხედავთ მმართველი პოლიტიკური ძალისადმი მკაფიოდ ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ აქტივისტს (ეს ვლინდება ბ. ალავიძის თითქმის ყოველდღიურ, პოლიტიკური კრიტიკისა და ლანძღვის ნიაღვრით გაჯერებულ პოზიციონირებაში), რომელიც, პირადი წყენის და უკანონოდ დაპირებული სარგებლის სანაცვლოდ, დაეთანხმა ყოფილი კოლეგების წინააღმდეგ წარმოებული, ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილად, რუპორად ქცევას“, – დაწერა გვრიტიშვილმა.
იურისტმა კახა წიქარიშვილმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე რამდენიმე გახმაურებული საქმის შესახებ ჰყვება და მასზე ზეწოლაზე საუბრობს.
ალავიძე ამბობს, რომ ზეწოლის და უკანონო დავალებების გამო არაერთხელ უფიქრია სუიციდზე.