გვრიტიშვილის ცნობით, აშშ-ში გამგზავრებაზე უარს სამი მოსამართლე აცხადებს

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ აშშ-ში მოსამართლეებისთვის თვის ბოლოს დაგეგმილ ვიზიტში მონაწილეობაზე უარს სამი მოსამართლე აცხადებს.

მისივე ცნობით, უარის შესახებ საბჭოში შესულია ოფიციალური განცხადებებიც.

„მიმდინარე თვეში (22-30 აპრილის განმავლობაში) დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში. ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში”, – წერს ის.

გვრიტიშვილს მიაჩნია, რომ ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი.

„ჩემი მოსაზრებით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, ისევე, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში (როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქმა ანალოგიურ ვიზიტში მონაწილეობაზე და გამგზავრებაზე), რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ”, – წერს ის.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სანქცირებულ მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.