„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 24 ივნისს აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს ლოგიკას მოკლებულს უწოდებს. ის განმარტავს, რომ ქვეყანაში არსებობს კონსტიტუციური წესრიგი, რომელიც განსაზღვრავს, რომ მთავრობა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ყალიბდება:
„ინიციატივას პოლიტიკურ-სამართლებრივად შევაფასებდი. არის მოკლებული ლოგიკას, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი შეთავაზება ერთი მარტივი მიზეზის გამო: საქართველოში არის ჩამოყალიბებული გარკვეული კონსტიტუციური წესრიგი, რომელსაც ადგენს კონსტიტუცია და ამ წესრიგის ლოგიკა შემდეგია: ტარდება საპარლამენტო არჩევნები. იმისდა მიხედვით, როგორ ნაწილდება ხმები პარტიებს შორის, ყალიბდება მთავრობის შემადგენლობა, რომელიც ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
ჯერ 2020 წელს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, სადაც „ოცნებამ“ აიღო 48% და 90 მანდატი, შემდეგ ეს ლეგიტიმაცია დადასტრუდა მუნიციპალურ არჩევნებში, შესაბამისად ხალხმა გადაწყვიტა, რომ „ოცნება“ უნდა მართავდეს ქვეყანას. ეს არის კონსტიტუციური წესრიგი და მისი ლოგიკა.
გვთავაზობენ კონსტიტუციური ლოგიკიდან და წესრიგიდან გადახვევას. ჩვენ ვთქვით 19 აპრილის შეთანხმებაზე, რომ გავედით გარკვეულწილად კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მაგრამ ქვეყანას გავუფრთხილდით იმ მომენტში, მაგრამ იქვე ვთქვით, რომ სამომავლოდ ამას აღარ დავუშვებდით, რა თქმა უნდა არც მოლაპარაკების, არც შეთანხმების სახით და არც მით უმეტეს, მოვლენების არც ასეთი განვითარების სახით ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
კობახიძე აცხადებს, რომ 20 ივნისს მრავალრიცხოვანი აქცია ევროპული კურსის მხარდასაჭერად ჩატარდა, ხოლო როდესაც აქციამ პოლიტიკური შინაარსი მიიღო, მისი თქმით, მონაწილეთა რაოდენობა 24 ივნისს 10 ათას ადამიანამდე დავიდა.
„ახლა ხალხის რაოდენობაზე თუ არის საუბარი, მათ თავიანთი პოლიტიკური მოთხოვნით არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ თუნდაც სანახევროდ შეავსონ თავისუფლების მოედანი. ჩვენ რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, თავისუფლების მოედანს და იმის იქით გადავავსებთ. აქ ძალიან მარტივად არის საქმე, თუმცა, ამ ეტაპზე პაექრობაში შესვლას არ ვაპირებთ. რეალურად, ხალხის სახელით რომ გელაპარაკება, მაქარაშვილი, ლომჯარია და გიგაური, ეს უბრალოდ, სასაცილო და სამარცხვინოა“, – განაცხადა კობახიძემ.