დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსს ჯერ კიდევ ბევრი გამოუცნობი თვისება აქვს. ამის მაგალითია ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც პაციენტების პირველ ხუთეულში შედიოდა, ფაქტობრივად გამოჯანმრთელდა, მაგრამ ტესტი კორონავირუსზე დღემდე დადებითს აჩვენებს.
„ეს დაავადება ჯერ არის ძალიან გამოუცნობი და ამიტომ ჩვენ ძალიან გვეშინია წინასწარი პროგნოზები. იგივე პოპულაციური იმუნიტეტის შექმნაზე და ა.შ.
ჩვენ გვყავს ერთი პაციენტი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, პირველ ხუთეულში შედიოდა პაციენტების და დღემდე ის არის დადებითი. მაშინ როცა იყო რაღაც პერიოდი, როცა თითქმის გაუქრა ვირუსი და გაწერაზეც იყო საქმე.
ეს არის სწორედ ამ ვირუსის ვერაგობა. ადამიანი, რომელიც მორჩენილია, პრაქტიკულად ჯანმრთელია. მას მძიმე ფორმაც არ ჰქონდა სხვათაშორის, საშუალო სიმძიმის იყო მისი დაავადების მიმდინარეობა, მაგრამ დღემდე ის არის დადებითი“, – თქვა პაატა იმნაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.