GWP: წიწამურში დაზიანებული წყალსადენის აღდგენის სამუშაოები შეიძლება გახანგრძლივდეს

პუბლიკა

GWP კვლავ ვერ ამბობს, როდის დასრულდება წიწამურის მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების აღმოფხვრა.

კომპანიის განცხადებით, აღნიშნული წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი ხელოვნურად ნაყარი გეოლოგიურად არასტაბილური გრუნტის ქვეშ მდებარეობს, რაც სამუშაოების წარმოებას საკმაოდ ართულებს და შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაო პროცესის გახანგრძლივება.

GWP-ის განცხადებით:

„იმისთვის, რომ მოსახლეობას ეტაპობრივად მივაწოდოთ სასმელი წყალი, კომპანია ალტერნატიული გზებით რეზერვუარების შევსების გეგმაზე მუშაობს.

ადგილზე მიმდინარე სამუშაო პროცესებისა და წყალმომარაგების აღდგენის შესახებ მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, ინფორმაცია ოპერატიულად გავრცელდება კომპანიის ვებგვერდით, სოციალური ქსელებითა და სხვადასხვა ინტერნეტ სააგენტოებით.

აღნიშნულ პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის”.

კომპანიისვე განცხადებით, წიწამურის მიმდებარედ დაზიანებული წყალსადენი წყლით ამარაგებს თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას.