მასალა განახლებულია
„ქართული ოცნების“ პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის, სამართალდამცავის დაუმორჩილებლობისთვის, ასევე შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მის მიმართ ჯარიმა აღარ იქნება გამოყენებული და ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება.
გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახეზე არ იქნება ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შეუძლებლობის საფუძვლები.
„ოცნებას“ ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 166-ე, 173-ე და 174¹ მუხლებში შეაქვს.
შესწორება: კანონპროექტის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ” თავდაპირველად ცვლილება 173¹⁶-ე მუხლშიც (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ან საჯარო მოსამსახურის შეურაცხყოფა) შეიტანა, თუმცა მეორე მოსმენის ფარგლებში ეს მუხლი ამოიღეს, შესაბამისად, აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ახალი ცვლილება არ გავრცელდება.
ცვლილებებს „ქართული ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
როგორც კომიტეტზე თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, შემოდის პრინციპი, რომლის თანახმადაც, თუ სამართალდარღვევა სახდელის სახით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას სხვა სახის სახდელთან ერთად და ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სახდელის შეფარდება ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაა, ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება ჯარიმის დაკისრების თაობაზე არ გასაჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და გასაჩივრდება უშუალოდ სასამართლოში.
პროექტით კონკრეტდება, რომ ასეთი დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება ძალაში შევა დადგენილების გამოტანისთანავე, ხოლო დადგენილების გასაჩივრება მის აღსრულებას არ შეაჩერებს.
ამავე პროექტით მკაცრდება ჯარიმები და წესდება რიგი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები ავტომანქანის მძღოლებისა და ქვეითების მიმართ.
იზრდება ჯარიმა იმ მანქანის მართვისთვის, რომელიც თვითნებურადაა გადაკეთებული. ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად 200 ლარი გახდება.
თვითნებურად გადაკეთებულად ჩაითვლება ისეთი მანქანაც, რომელსაც გადაკეთებული ექნება მაყუჩი.
პოლიციელი უფლებამოსილი იქნება, მძღოლი სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს, სატრანსპორტო საშუალება კი სპეციალურ სადგომზე გადაიყვანოს.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება მანქანაზე, რომელსაც კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ფერის ციმციმა ექნება დაყენებული. ეს გამოიწვევს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით, ციმციმას კონფისკაციას და მართვის მოწმობის ქულების 15 ქულით შემცირებას.
განმეორების შემთხვევაში ჯარიმა იქნება 2 500 ლარი და 20 ქულის ჩამოკლება.
ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრება.
რაც შეეხება ქვეითებს – საგზაო მოძრაობის კანონის დარღვევა, მარეგულირებლის სიგნალის დაუმორჩილებლობა, საგზაო ნიშნების უგულებელყოფა გამოიწვევს ქვეითის დაჯარიმებას 10 ლარის ნაცვლად 50 ლარით.
განმეორებით ჩადენაზე ჯარიმა 20-დან 100 ლარამდე გაიზრდება.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე საგზაო მოძრაობის კანონის დარღვევის, მარეგულირებლის სიგნალის დაუმორჩილებლობისა და საგზაო ნიშნების უგულებელყოფისთვის – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.