გზის განმეორებით გადაკეტვის საბაბით სისხლის სამართლის წესით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლალი გარშაულიშვილმა მიიღო.
პროკურორმა განაცხადა, რომ მენთეშაშვილის მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, ასევე მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე. სწორედ ამ საფუძვლებით მოითხოვა პროკურორმა მაია ჟვანიამ ზურაბ მენთეშაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება.
ადვოკატ ჯანო ჭკადუას განცხადებით, გზის გადაკეტვა არ არის საზოგადოებისთვის ისეთი საშიში ქმედება, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს. მისი თქმით, „ეს არის დასჯის მექანიზმი არა მხოლოდ მენთეშაშვილის მიმართ, არამედ იმ ხალხის მიმართ, ვინც დღეს რუსთაველზე დგას“.
ზურაბ მენთეშაშვილი 1 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
„25 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით, გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი, 31 ოქტომბერს, იმყოფებოდა თბილისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მას სახე ჰქონდა დაფარული და ხელოვნურად კეტავდა საავტომობილო გზას მაშინ, როდესაც ხალხის მცირე რაოდენობის გამო არ არსებობდა აღნიშნულის აუცილებლობა“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
საქმეზე მომდევნო სხდომა 24 დეკემბერს ჩაინიშნა.