საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის საქმის გამოძიების დასრულებულად გამოცხადების შესახებ.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ჰააგის გამოძიება ქართველების მისამართით ხელოვნურად იქნა ინიცირებული 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ.
„მათ ხელახლა გახსნეს ეს საკითხი მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველა პროცედურა გვქონდა მორჩენილი 2012 წელს. 2015 წელს ეს რომ გავიგე, თავზარი დამეცა. ამის შემდეგ ხდებოდა დამუშავება ქართველი სამხედროების, რათა როგორმე გამოსულიყვნენ ჩემზე. ამის საპასუხოდ მე შევკრიბე მსოფლიოს წამყვანი იურისტების ჯგუფი ვაიამ ახავანის ხელმძღვანელობით და 2020 წელს ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ ალტერნატიული მოხსენება, რომლის არგუმენტები გაიზიარა საბოლოო ჯამში პროკურორმა.
ნამდვილად ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი არ ასრულებდა რუსეთის დავალებას. ძალიან პატრიოტულად და თავდადებით იმუშავა ოცნების იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ, რომელიც თვითონ დევნილია აფხაზეთიდან“, – აცხადებს სააკაშვილი.
მისივე განცხადებით, ჰააგამ ბოლომდე გაამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება სიკვდილი მიუსაჯოს.
„რაც შეეხება ჰააგას, დიდი მადლობა გენერალ ყურაშვილს და გოგავას და ყველა იმ სამხედროს, რომელიც არ გაიყიდა და არ მისცა საქართველოს, სამხედრო ხელმძღვანელების და ჩემს წინააღმდეგ ჩვენება, მიუხედავად დიდი ზეწოლისა. თქვენი ვაჟკაცობა შერჩება ისტორიას“, – აცხადებს სააკაშვილი.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის საქმის გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა.
„დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, რადგანაც გარემოებები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას“, – წერია ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2022 წლის 10 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა საქართველოს საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები გამოსცა.
საუბარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ოს მაღალჩინოსნებზე. პროკურორმა დღეს გააფორმა სამი პირის დაპატიმრებაზე მოთხოვნა.
პროკურორის თქმით, ესენი არიან:
- გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
- გამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი გამოძიებით მოცულ პერიოდში;
- დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში გამოძიებით მოცულ პერიოდში”.
პროკურორის განცხადებით, სამივე პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება წამებისთვის, არაადამიანური მოპყრობისთვის, უკანონო პატიმრობისთვის, პირადი ღირსების შეურაცხყოფისთვისა და მძევლების აყვანისთვის.
კარიმ ხანმა ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებისას გამოიკვეთა მაშინდელი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორისა და საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილის, ვიაჩესლავ ბორისოვის როლიც, რომელსაც, სავარადუდოდ, უშუალოდ აქვს მონაწილეობა მიღებული ზემოთნახსენებ ზოგიერთ დანაშაულში. პროკურორის თქმით, ის გარდაცვლილია.