ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებით, 2008 წლის ომში საქართველოს მხრიდან რაიმე დარღვევა გამოირიცხა - ძამაშვილი

პუბლიკა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის საქმის გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა.

„დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, რადგანაც გარემოებები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას“, – წერია ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კარიმ ხანის განცხადება მოგვიანებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი გამარჯვებაა. მისივე თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველმა სამხედროებმა საბრძოლო მოქმედებები საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით აწარმოეს.

„პირველ რიგში, მინდა, ჰააგის პროკურორის დღევანდელი გადაწყვეტილება მივულოცო საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით, ჩვენს გმირ სამხედროებს, რომლებიც 2008 წლის ომში იბრძოდნენ. ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს სამხედროებმა 2008 წელს სამხედრო მოქმედებები აწარმოეს საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით. ნებისმიერი კითხვის ნიშანი, რაც შეიძლება, ვინმეს ჰქონოდა, საქართველომ დაარღვია თუ არა რამე ამ ომში, საბოლოოდ გამოირიცხა. ჰააგის პროკურორმა საბოლოოდ დახურა გამოძიება 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით.

გამოძიება მხოლოდ იმ ნაწილში გაგრძელდება, სადაც გამოკვეთილია დანაშაულები საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ეპიზოდებზე. საზოგადოებისთვის როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს პროკურორმა გამოკვეთა ეთნიკური ოსებისა და რუსი გენერლის პასუხისმგებლობა ამ ომში, რომლებმაც ჩაიდინეს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულები. დღევანდელ გადაწყვეტილებაში პროკურორმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ დანაშაულები ჩადენილი იყო საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომ მას ჰქონდა ეთნიკური ნიადაგი, იყო მასშტაბური. დანარჩენ ეპიზოდში, სადაც შეიძლებოდა, საქართველოს დარღვევა დადგენილიყო, ეს ნაწილი მთლიანად დაიხურა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში ყველა დავა სუფთად მოიგო, არც სტრასბურგში, არც ჰააგაში არ გამოკვეთილა არცერთი დარღვევა. სტრასბურგის სასამართლოში 3 300 საჩივარი იყო შეტანილი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის კოორდინაციით და იქაც სუფთად მოიგო საქართველომ ყველა საქმეში. ეს გადაწყვეტილებები სტრასბურგსა და ჰააგაში აჩვენებს იმას, რომ 2008 წლის ომში თუ ვინმე არღვევდა რამეს, ეს იყო რუსეთის ფედერაცია და რუსეთის ფედერაციას დაქვემდებარებული პირები“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

2022 წლის 10 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა საქართველოს საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები გამოსცა.

საუბარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ოს მაღალჩინოსნებზე. პროკურორმა დღეს გააფორმა სამი პირის დაპატიმრებაზე მოთხოვნა.

პროკურორის თქმით, ესენი არიან:

  • გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
  • გამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი გამოძიებით მოცულ პერიოდში;
  • დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში გამოძიებით მოცულ პერიოდში”.

პროკურორის განცხადებით, სამივე პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება წამებისთვის, არაადამიანური მოპყრობისთვის, უკანონო პატიმრობისთვის, პირადი ღირსების შეურაცხყოფისთვისა და მძევლების აყვანისთვის.

კარიმ ხანმა ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებისას გამოიკვეთა მაშინდელი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორისა და საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილის, ვიაჩესლავ ბორისოვის როლიც, რომელსაც, სავარადუდოდ, უშუალოდ აქვს მონაწილეობა მიღებული ზემოთნახსენებ ზოგიერთ დანაშაულში. პროკურორის თქმით, ის გარდაცვლილია.