ჰააგის სასამართლოს გაცემულ ორდერს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს - ზახაროვა

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას გამოეხმაურა. ზახაროვას თქმით, რუსეთი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მონაწილე ქვეყანა და მათთვის ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემულ ორდერს მნიშვნელობა არ აქვს.

„რუსეთი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მხარე და არ ეკისრება ვალდებულებები. რუსეთი არ თანამშრომლობს ამ ორგანოსთან და დაპატიმრების შესაძლო ორდერები, რომლებიც საერთაშორისო სასამართლოდან მოდის, ჩვენთვის იურიდიულად ბათილია“, – განაცხადა ზახაროვამ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სასამართლომ ასევე დაკავების ორდერი გასცა პუტინის მთავრობის წევრის, რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ.

სასამართლოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი სავარაუდოდ პასუხისმგებელია უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციასა და გადაყვანაზე. სავარაუდო დანაშაულებს, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მინიმუმ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ სჩადიოდნენ.