საფრანგეთის მინისტრ-დელეგატი ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადი ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და მიუთითებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოჰყვება პასუხისმგებლობები, მათ შორის თავისუფალ არჩევნებთან დაკავშირებით.
“საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიების წინასწარი მიგნებები მიუთითებს ამომრჩევლების წინააღმდეგ „ზეწოლაზე, დაშინებასა და მუქარაზე”, ასევე „დემოკრატიულ უკუსვლაზე”. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს თან ახლავს პასუხისმგებლობები, მათ შორის თავისუფალი არჩევნები, ფუნდამენტური თავისუფლებების შენარჩუნება და პოლიტიკური პლურალიზმი. მათი პატივისცემა აუცილებელია, რათა ქართველი ხალხის ევროპული გზა გაგრძელდეს”, – წერს ის.
დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა წინასწარი შეფასებები გააკეთეს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ეუთოს მოკლევადიანი მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა, პასკალ ალიზარდმა განაცხადა, რომ „როცა კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების აღრიცხვა ხდებოდა, ეს ეჭვს ბადებს იმაზე, თუ რამდენად შეეძლო ზოგიერთ ამომრჩეველს ხმა დაშინების გარეშე და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მიეცა”.
ცესკოს მიერ პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, გუშინ განცხადებები გააკეთა სხვადასხვა ოპოზიციურმა გაერთიანებამ. „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ „მოპარული, მიტაცებული“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
განცხადებები გააკეთეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებმაც – მათ ისაუბრეს რამდენიმე სქემაზე, რომელთაც, მათი თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე ახორციელებდა, რათა უბანზე ხმები „გაეოთხმაგებინა“.
როგორც კოალიციის წევრმა, თენგო თევზაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი „სქემის“ თანახმად, მმართველმა პარტიამ ამომრჩევლების ID ბარათებს ჩამორთმევის შემდეგ მონაცემები გააციფრულა და ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებით ჩაამატა, რითაც მათ ამომრჩეველს, მინიმუმ, 4 უბანზე შეეძლო უბანზე მისვლა.
რაც შეეხება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ისინიც საუბრობენ „არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე“ და მიუთითებენ, რომ კენჭისყრის დღე ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. ორგანიზაციები მიმართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც, განმარტოს, რა მექანიზმებით შეიძლება არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება.