ჰადადი: მოვუწოდებ „ოცნებას“, გათავისუფლოს ოპონენტები, ჟურნალისტები, მოქალაქეები

პუბლიკა

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი, ბენჯამინ ჰადადი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, მოემზადოს ახალი არჩევნებისთვის, გაათავისუფლოს დაპატიმრებული ოპონენტები, ჟურნალისტები და მოქალაქეები. მისი განცხადებით, მხოლოდ ასე შეუძლია საქართველოს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას.

საქართველოს შესახებ კითხვა ჰადადს ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპმა“ დაუსვა.

„ვფიქრობ, ევროკომისიის კომუნიკაცია გაფართოების ანგარიშზე საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო იყო: „ქართული ოცნების“ საქციელი, რეპრესიები ოპოზიციის, დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს.

ის, რომ საქართველო ევროკავშირის გზას შორდება, სამწუხაროა, რადგან საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ გზას.

ეს მისწრაფება არის ღრმა და მას საფრანგეთის და სხვა ევროპული ქვეყნების მხარდაჭერაც აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, რაც შარშანდელი არჩევნების შემდეგ ხდება, ლიბერალური უკუსვლა ბოლო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად აშორებს ქვეყანას ევროპულ გზას. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მთლიანად შეცვალოს პოზიცია და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში ოპოზიციასთან, დაიწყოს მუშაობა ახალი არჩევნებისთვის, გაათავისუფლოს პოლიტიკური ოპონენტები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც ქვეყანას შეუძლია დაუბრუნდეს ევროპულ მისწრაფებას. სხვა შემთხვევაში ეს პროცესი გაიყინება“, – თქვა ბენჯამინ ჰადადმა.