ბუნდესტაგის წევრი, ტომას ჰაკერი ეხმაურება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას და აღნიშნავს, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოების დაშინებას ემსახურება.
„საპარლამენტო არჩევნების წინ ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას მიმართ გამოძიებაზე ცნობები საგანგაშოა. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს მთავრობის ინტერესებში. ამის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აშინებენ. რა სამარცხვინოა”, – წერს ის.
დღეს თბილისსა და ქუთაისში ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე ადგილზე ჩატარდა ჩხრეკა. გაჩხრიკეს „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლის, სოფო გელავას სახლი, წაიღეს მისი, მისი ქმრის, პარტია „ფედერალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი ნონიაშვილისა და არასრულწლოვანი შვილის ლეპტოპები, ასევე ტელეფონები.
ჩხრეკა იყო კომპანია Concentrix-ის ოფისში. სოციალურ ქსელში მოქალაქე ონისე ცხადაძემ დაწერა, რომ გაჩხრიკეს მისი და მისი ძმის სახლი. ქუთაისში გაჩხრიკეს მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლი, მისი თქმით, მასთან ქოლცენტრები ახსენეს.
გარდა ამისა ჩხრეკა იყო ეთო ბუზიაშვილის სახლშიც, რომელიც Atlantic Council-ის მკვლევარია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩატარებულ ჩხრეკებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ჩატარებული ჩხრეკები უკავშირდებოდა „ქოლცენტრების საქმიანობას”.
უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო ღონისძიებები წარიმართა „სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში“, თუმცა განცხადებაში ობიექტები ჩამოთვლილი არ არის. ამასთან უწყებაში არ აღნიშნავენ, ამ საქმის ფარგლებში ჩატარდა თუ არა ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკა. „პუბლიკა” დეტალების გასარკვევად დაკავშირებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ცდილობს.