ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეთა მონაცემთა ბაზა, რომელიც გამოცემა ZDNet-ის მიხედვით ჰაკერულ ფორუმზე დაიდო, მათი სიისგან განსხვავებულია.
„მონაცემთა ბაზაში, რომელზეც საუბარია, 4 900 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემებია, ცესკოს პორტალზე კი, რომელზეც ამომრჩეველთა მონაცემებია განთავსებული – 3 500 000 ადამიანია. ჩვენს ამომრჩეველთა ბაზაში, რომელიც ცესკოს აქვს, არ იძებნება გარდაცვლილ მოქალაქეთა მონაცემები, არ არის მითითებული პირადობის ან პასპორტის მოწმობის ნომერი, მამის სახელი, ტელეფონის ნომრები. ასე რომ, როგორც ჩანს, სხვა ტიპის მონაცემთა ბაზაა განთავსებული“, – უთხრეს „პუბლიკას“ ცესკოში.
საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 5-მილიონიანი მონაცემთა ბაზა, მათ შორის გარდაცვლილი მოქალაქეების ჩათვლით ჰაკერულ ფორუმზე შაბათს დაიდო. ინფორმაციას მედიაგამოცემა ZDNet ავრცელებს, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ წერს.
1.04GB მოცულობის ბაზა 4 934 863 ჩანაწერს შეიცავს. მასში თავმოყრილია საქართველოს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი.
ZDNet-ის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა მონაცემთა ბაზას მონაცემების გაჟონვის მონიტორინგისა და პრევენციის კომპანია Under the Breach-მა მიაკვლია.