„ჰამასი“ აცხადებს, რომ შუამავლებისგან მიღებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას დათანხმდა

პუბლიკა

„ჰამასი“ შუამავლებისგან ორი დღის წინ მიღებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას დათანხმდა. ინფორმაციას მედია დაჯგუფების ლიდერის, ხალილ ალ-ჰაიამის სატელევიზიო მიმართვაზე დაყრდნობით ავრცელებს. შუამავლები ეგვიპტე და კატარი არიან.

„ვიმედოვნებთ, რომ (ისრაელის) ოკუპაცია არ გამოუთხრის მას ძირს“, – თქვა ალ-ჰაიამ, რომელიც ხელმძღვანელობს „ჰამასის“ მოლაპარაკებების გუნდს არაპირდაპირ მოლაპარაკებებში.

წყაროები Reuters-ს ეუბნებიან, რომ ეგვიპტემ მიიღო დადებითი ნიშნები ისრაელისგან ცეცხლის შეწყვეტის ახალ წინადადებაზე, რომელიც მოიცავს გარდამავალ ფაზას. წყაროები ამბობენ, რომ შეთავაზების პირობები „ჰამასის“ მიერ ყოველკვირეულად ხუთი მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ გამართეს კონსულტაციები შუამავლებისგან მიღებულ წინადადებაზე და რომ ისრაელმა შუამავლებს გადასცა კონტრწინადადება შეერთებულ შტატებთან სრული კოორდინაციით.


ისრაელმა ამ თვის დასაწყისში განაახლა თავდასხმები ღაზაში და დააწესა ანკლავში შესული ჰუმანიტარული დახმარების სრული ბლოკადა. ისრაელის პოზიციაა, რომ მისი ძალები დარჩებიან ღაზის სექტორის ნაწილებში 24 მძევლის გათავისუფლებამდე, რომლებიც, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.

ღაზის ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, სულ მცირე 50,277 პალესტინელი დაიღუპა და კიდევ 114,095 დაშავდა ანკლავზე ისრაელის სამხედრო შეტევის დაწყების შემდეგ, „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული სასიკვდილო ტერორისტული თავდასხმების შემდეგ.