ზუსტად ერთი კვირის წინ, 7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.
თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი შესრულდა, ამასთან, იყო შაბათი – ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ეს შემთხვევითობა არ არის.
„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა ანტიტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. 8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მობილიზებულია 300 ათასზე მეტი რეზერვისტი.
ისრაელი ახორციელებს საჰაერო დარტყმებს ღაზის სექტორზე. ამასთან, ისრაელმა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფ 1.1 მილიონზე მეტ ადამიანს მოსთხოვა, ტერიტორია დატოვონ და ანკლავის სამხრეთ ნაწილში გადავიდნენ, ვინაიდან, გაეროს თანახმად, მოსალოდნელია სავარაუდო ოპერაცია. თავის მხრივ, ტერორისტული ჰამასი ისრაელის მოწოდებას ყალბს უწოდებს და პალესტინელ მოქალაქეებს მიმართავს, არ გაითვალისწინონ ის.
14 ოქტომბრის მონაცემებით, ღაზის სექტორში დაღუპულია, სულ მცირე, 1900 ადამიანი. ისრაელში – სულ მცირე, 1300. დასავლეთ სანაპიროზე – სულ მცირე, 52. დაშავებულთა რაოდენობა ჯამში 12 000-ს აჭარბებს.
კონტრშეტევა ისრაელის მხრიდან: განგრძობად საჰაერო თავდასხმებთან ერთად, ისრაელის არმიამ ჩაატარა რეიდები ღაზის სექტორში – ისინი ჰამასის მიერ დატყვევებულ მოქალაქეებს ეძებდნენ და შესაბამის მტკიცებულებებს აგროვებდნენ.
პარალელურად, ისრაელმა ღაზის სექტორის საზღვრის გასწვრივ მოახდინა 300 ათასზე მეტი რეზერვისტის მობილიზება პოტენციური სრულმასშტაბიანი ოპერაციისთვის. ასევე, ისრაელმა პალესტინის ჯანდაცვის მინისტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გუნდების მიზანში ამოღებასა და მკვლელობაში დაადანაშაულა მაშინ, როცა ისინი აგრესიის მსხვერპლთა ევაკუაციას ახორციელებდნენ.
ჰუმანიტარული პრობლემები: გაერო აცხადებს, რომ ისრაელის მოწოდება, 1.1-მა მილიონმა ადამიანმა დატოვოს ღაზის ჩრდილოეთ ნაწილი, შეუძლებელია. გაეროს სპიკერის, სტეფან დუჯარიჩის განცხადებით, მასობრივ ევაკუაციას „დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვება”.
რას ამბობს ჰამასი: ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენლის თქმით, ღაზაში არსებული ვითარება „არის საოცრად თამამი და სასტიკი მცდელობა, პალესტინელ ხალხს ძირძველი მიწა დაატოვებინონ”. მანვე ისრაელის ქმედებებს ღაზაში უწოდა „არაადამიანური” და „ბარბაროსული”.
საერთაშორისო ძალისხმევა: თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური პირები 12 და 13 ოქტომბერს დაუკავშირდნენ გაეროს წარმომადგენლებს და მათთან ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის საკითხი განიხილეს.
რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ვასილი ნებენზიამ შეიმუშავა რეზოლუციის ტექსტი, რომელიც ისრაელსა და ღაზას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ტერორისტულმა ჰამასმა განაცხადა, რომ „მიესალმება რუსეთის დაუღალავ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ისრაელის აგრესიის შეჩერებას ღაზაში”.
თავდასხმები ლიბანზე: ისრაელმა განახორციელა საჰერო თავდასხმები კიდევ ერთი ტერორისტული ორგანიზაციის, ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიბანში. მანამდე, პარასკევს, ლიბანისა და ისრაელის საზღვართან, უსაფრთხო ზონაში აფეთქება მოხდა. იზრდება შიში, რომ შიიტური ტერორისტული დაგჯუფება ჰამასი ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში ჩაერთვება.
წუხილები უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტზე: იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, აიმან საფადის თქმით, მისი ქვეყანა „უკიდურესად შეშფოთებულია” კონფლიქტით, რომელიც ფართოვდება. ისრაელს თავისი უშუალო მეზობლებიდან მშვიდობიანი ურთიერთობა აქვს იორდანიასა და ეგვიპტესთან, ლიბანსა და სირიასთან კი ოფიციალურად არის საომარ მდგომარეობაში. ისრაელის განცხადებით, ამ ორი ქვეყნიდან თავდასხმისთვის მზად არის.