დღეს, 13 ოქტომბერს „ჰამასმა”, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, 20 ისრაელელი ტყვე გაათავისუფლა.
ეს უკანასკნელი 20 ტყვეა, რომელიც ცოცხალია. BBC-ის ცნობით, „ჰამასის” ტყვეობაში 48 ადამიანი რჩებოდა. 28 ცოცხალი აღარ არის. ჰამასმა ასევე აიღო ვალდებულება, დააბრუნოს გარდაცვლილი მძევლების ცხედრები. თუმცა, ვადები და ლოჯისტიკა გარკვეული არ არის.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ისრაელი სანაცვლოდ დათანხმდა 1900-ზე მეტი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას.
მათ შორის 250-ს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ისრაელის ციხეებში. 1700 ადამიანი ომის დაწყების შემდეგ იყო დაკავებული.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში 154 დაკავებული პალესტინელი ისრაელმა უკვე გაგზავნა ეგვიპტეში.
დღეს დილით ისრაელში ჩაფრიდა დონალდ ტრამპი. ისრაელის შემდეგ ის ეგვიპტეში გამგზავრებას გეგმავს. იქ უკვე არიან ბრიტანეთის პრემიერ-მინსტრი კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ისრაელი და „ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე 9 ოქტომბერს შეთანხმდნენ. შეთანხმება, რომლის შუამავალიც ამერიკის შეერთებული შტატებია, პირველ ეტაპზე „ჰამასის“ მიერ ისრაელელი ტყვეების გათავისუფლებას, ისრაელის ჯარების ღაზიდან გასვლასა და ისრაელის მიერ დაპატიმრებული პალესტინელების ნაწილის გათავისუფლებას გულისხმობს.
ჯერჯერობით, უცნობია, თუ როგორ მოხდება „ჰამასის“ განიარაღება ან ვინ მართავს ღაზას პირველი ფაზის დასრულების შემდეგ. განიხილებოდა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის კანდიდატურა, თუმცა შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.
ასევე უცნობია, როგორ მოხდება ღაზის აღდგენა.