„ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი შეტევა წამოიწყო

პუბლიკა

ღაზის სექტორიდან პალესტინელებმა ისრაელზე მოულოდნელი შეტევა წამოიწყეს. სარაკეტო იერიშებს, რომელიც ღაზის სექტორიდან აქამდეც მიუტანიათ ისრაელის ქალაქებზე დღეს დილით, მოულოდნელად, სახმელეთო შეტევაც მოჰყვა. ისრაელის არაერთ ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ისმოდა აფეთქების ხმებიც.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, პალესტინურმა დაჯგუფებებმა ისრაელის საზღვარი რამდენიმე ადგილას გაარღვიეს და ახლო მდებარე დასახლებებში შეაღწიეს. ინტერნეტში გავრცელდა კადრები, რომლის მიხედვითაც პალესტინელი მებრძოლები ისრაელის კუთვნილ ურბანულ დასახლებაში მოძრაობენ. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ასევე ჩანს ისრაელის დამწვარი და პალესტინელი მებრძოლების მიერ ხელში ჩაგდებული სამხედრო ტექნიკა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. მათი განცხადებით ისრაელის წინააღმდეგ ოპერაცია – „ალ-აქსას წარღვნა“ წამოიწყეს, რაც პასუხია ალ-აქსას მეჩეთის მიმართ ისრაელის მოპყრობაზე.

„ჰამასის“ სამხედრო მეთაურის მტკიცებით, ისრაელის წინააღმდეგ 5 000 რაკეტა ისროლეს. მან მოუწოდა ისრაელში მცხოვრებ არაბებს, რომ თავადაც აიღონ ხელში იარაღი, ომში დახმარებისკენ მოუწოდა ლიბანში, სირიასა და იორდანიაში მცხოვრებ არაბებსაც.

ისრაელის ხელისუფლება თავდასხმის შემდეგ საგანგებო თათბირზე შეიკრიბა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა კი რეზერვისტების მობილიზაცია დაიწყო და ომისთვის მზადება გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ისრაელი თავდასხმას „ღირსეულ პასუხს გასცემს“.