ჰარცელის პროგნოზით, შევსებულ კითხვარზე ევროკომისიის მოსაზრება ივნისში გახდება ცნობილი

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის პროგნოზით, საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე ევროკომისიის მოსაზრებას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველ გადაწყვეტილებებს ივნისში მოვისმენთ.

„ველოდებით მთავრობის პასუხებს კითხვარის მეორე ნაწილზე. ჯერ არ ვიცი, როდის და როგორ მოხდება კითხვარის გადმოცემა, ამიტომ უმჯობესია მთავრობის წარმომადგენელს ჰკითხოთ ამის შესახებ. რაც შეეხება პროცესს, კითხვარის ორივე ნაწილზე პასუხების შემდეგ ევროკომისიამ უნდა შეიმუშაოს მოსაზრება და წარუდგინოს წევრ სახელმწიფოებს ევროპულ საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად.

დიდი სიფრთხილით ვსაუბრობ ამ საკითხზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დელიკატური პროცესია, მაგრამ ჩემი პროგნოზით, უკვე შემდეგ თვეში ვიხილავთ მოსაზრებას, ასევე მოვისმენთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი გადაწყვეტილებების შესახებ, ამაზე სპეკულაციებს მოვერიდები“, – განაცხადა ჰარცელმა.

საქართველომ კითხვარის პირველი ნაწილი უკვე შეავსო და ევროკომისიას გადასცა.