HarrisX: ჩნდება კითხვები ცესკოს მიერ სტატისტიკურად აუხსნელი მონაცემების შეუსაბამობაზე 

პუბლიკა

კომპანია HarrisX, რომელმაც საარჩევნო ეგზიტპოლები „მთავარი არხის” დაკვეთით ჩაატარა, საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ანალიზს აქვეყნებს.

კომპანია მიუთითებს, რომ ჩნდება კითხვები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ სტატისტიკურად აუხსნელი მონაცემების შეუსაბამობაზე, რაც მოიცავს, სულ მცირე 172 523 ხმას 27 ოლქში, რაც სულ მიცემული ხმების 8%-ზე მეტია.

HarrisX-ის თანახმად, მათი ანალიზი ეყრდნობა „მთავარი არხის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლისას 12 ათასზე მეტი ადამიანის გამოკითხვის შედეგებს, რომლებიც შედარებულია ცესკოს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ შედეგებთან და ავლენს შეუსაბამობას, რომელიც ეხება, სულ მცირე, მიცემული ხმების 8%-ზე მეტს – 172 523 ხმას 27 ოლქში.

„ეს შეუძლებელია აიხსნას სტატისტიკური დისპერსიით [მონაცემთა გაფანტულობის საზომი] და მიუთითებს ხმის მიცემის შესაძლო დარღვევებზე.

მაშინაც კი, როდესაც ჩვენ:

  • შევუსაბამეთ ჩვენი ეგზიტპოლის მონაცემები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან (პროცესის მეშვეობით, რომელსაც გამოკითხვების პროფესიონალები „შეწონვას” უწოდებენ).
  • სრულად გავითვალისწინეთ ნებისმიერი სახის მიკერძოება, რომელიც შესაძლოა გამოეწვია ნებისმიერ უპასუხოდ დატოვებულ კითხვას ჩვენს ეგზიტპოლში.
  • 95%-იანი ნდობის ინტერვალით – ყველაზე მაღალი სტატისტიკური ზღვარით, შევამოწმეთ განსხვავება ხმების რაოდენობაში ეგზიტპოლსა და ცესკოს ოფიციალურ რიცხვებს შორის;

ჩვენ გამოვავლინეთ 27 საარჩევნო ოლქი (საქართველოს 73 ოლქიდან, ოკუპირებული რეგიონების და საზღვარგარეთ კენჭისყრის ცენტრების გამოკლებით), სადაც დიდი შეუსაბამობაა ეგზიტპოლისა და ცესკოს შედეგებს შორის.

ზოგიერთ გეოგრაფიულ მონაკვეთზე დისპერსია სტატისტიკურად შეუძლებელია.

მაგალითად, მარნეულის რაიონში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 48% მოიპოვა. HarrisX-ის ეგზიტპოლის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულში ხმების 40% მოიპოვა, თუმცა ცესკო-ს ცნობით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 80% მიიღო. HarrisX-ის ეგზიტპოლის მონაცემებსა და მარნეულის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ მონაცემებს შორის 40%-იანი განსხვავება წარმოუდგენელიცაა და შეუძლებელიც.

ეს ბადებს მთელ რიგ კითხვებს, რომლებზეც, მოვუწოდებთ ცესკოს, პასუხი გასცეს საჯარო გამჭვირვალობის ინტერესებიდან გამომდინარე”. – აცხადებს HarrisX.

კომპანიამ ასევე მიუთითა, რომ შედარებისთვის, 2 წლის წინ აშშ-ის ეროვნულ არჩევნებზე ეგზიტპოლების დროს გამოიკითხება 15 ათასი ამომრჩეველი და ეს ხდება ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 100-ჯერ აღემატება საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას.

Harrisx-ის თანახმად, მათ ეგზტპოლი ჩაატარეს 125 შემთხვევით შერჩეულ უბანთან, რომლებიც განაწილდა ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად. „შემთხვევით შერჩეული კენჭისყრის ადგილები ემთხვევა ადგილობრივ დემოგრაფიულ მონაცემებს და წარსულში არსებულ პოლიტიკურ ქცევას ოლქის და რეგიონის დონეზე 2%-ის ფარგლებში”. – აცხადებს კომპანია.

HarrisX ასევე მიუთითებს, რომ მისი შედეგები დიდწილად შეესაბამება Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებს.

„ჩვენ ეგზიტპოლების მონაცემები შევუსაბამეთ საბოლოო აქტივობის მონაცემებს, რომელიც ცესკომ გაავრცელა, ასევე, შევუსაბამეთ ასაკისა და სქესის მონაცემები, რათა მხედველობაში მიგვეღო ნებისმიერი პოტენციური მიკერძოება, მათ შორის, უპასუხო კითხვები – ის, რასაც შეწონვას ვეძახით. ჩვენ ასევე დავამატეთ საზღვარგარეთ მიცემული ხმების შედეგები. ამით ეგზიტპოლის მონაცემები სრულად შეესაბამება ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ პარამეტრებს.

ამის შემდეგ, მონაცემებით, „ქართულ ოცნებას” 44.4% აქვს, ყველა დანარჩენ პარტიას ერთად – 52.2%, 0.7% გაფუჭებული ბიულეტენების მონაცემია, ხოლო 2.7% პასუხზე უარს ამბობს.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული პარამეტრების მიხედვით, „ქართულ ოცნებას” ხმების იმაზე 10%-ით ნაკლები უნდა ჰქონდეს, ვიდრე ცესკომ გამოაცხადა.

ნედლი რიცხვებით, ხმების 44,4%, რომელმაც „ქართული ოცნება” დაასახელა, დაახლოებით 911 000-ია, ცესკოს მიერ დასახელებული 1 119 908 ხმისგან განსხვავებით. ხმებს შორის განსხვავება დაახლოებით 200 ათასია”.

HarrisX ხაზს უსვამს, რას ასახავს მათ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი და რას არა:

  • „ანალიზი აჩვენებს სტატისტიკურად აუხსნელ შეუსაბამობებს ცესკოს მონაცემებში სულ მცირე 27 ოლქში.
  • ანალიზი გვიჩვენებს, რომ არჩევნების შედეგი, როგორც ცესკო აქვეყნებს, რომ პარტია „ქართული ოცნებას“ ხმების 53.96% აქვს, სტატისტიკურად შეუძლებელია.
  • ანალიზი არ ამბობს, რომ 27 ოლქში ხმის მიცემის სხვა დარღვევები არ მომხდარა.
  • ანალიზი არ მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის დარჩენილ ოლქებში ხმის მიცემის დარღვევა არ მომხდარა.
  • ანალიზი არ ითვალისწინებს წინასაარჩევნო დღეებში გამოვლენილი დარღვევების პოტენციურ ზემოქმედებას შედეგებზე, როგორც ამას სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მიუთითებენ.
  • ანალიზი არ ასახავს 26 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ ან რომელიმე სხვა პარტიას მიღებული ხმების რეალურ წილს. ასეთი ანალიზი ვერ დასრულდება მანამ, სანამ ცესკო ნათელს არ მოჰფენს  სტატისტიკურად აუხსნელ მონაცემთა შეუსაბამობებს ცესკოს მიერ დღემდე გამოქვეყნებულ მონაცემებში”.