ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და საქართველოს ჰარვარდის კლუბის წევრები პარლამენტში ინიციირებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივა „აფერხებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას”.
ისინი მოუწოდებენ პარლამენტს, იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებისა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და უარი თქვას კანონპროექტზე.
გთავაზობთ განცხადებას:
„ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და საქართველოს ჰარვარდის კლუბის წევრები ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მიგვაჩნია, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივა აფერხებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას.
საქართველოს აქვს გაცხადებული ევროატლანტიკური კურსი, ევროპული ღირებულებები აღიარებულია საქართველოს უზენაესი კანონით, კონსტიტუციით, და ამავდროულად წარმოდგენილ კანონპროექტს გმობს და აკრიტიკებს ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნები, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოება, ევროკავშირი და აშშ.
გასულ წელს საქართველოს საზოგადოების მასშტაბური პროტესტის გამო მმართველმა პარტიამ ეს კანონპროექტი გაიწვია. თუმცა, გაურკვეველი მოტივით კვლავ აინიცირებს მას პარლამენტში. ქართული საზოგადოებისა და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მიერ დაგმობილი კანონპროექტის კვლავ ინიცირება მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას. ყველა ცივილური ქვეყნის საელჩო თუ წარმომადგენლობა მოგვიწოდებს ამ კანონპროექტის არმიღებისკენ. მიუხედავად საზოგადოების აღშფოთებისა, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკისა, საქართველოს პარლამენტი კვლავ აინიცირებს ამ კანონს, რაც მიუღებელია.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კანონის მიღების აუცილებლობა ან მიზანი არ არის დასაბუთებული. „გამჭვირვალობის” მოტივის დასახელება ამგვარი ანტისახელმწიფოებრივი კანონის მისაღებად სრულიად დაუშვებელია, იმ ფონზე, რომ უცხოური გრანტის მიმღები ორგანიზაციების გამჭვირვალობა ისედაც უზრუნველყოფილია. ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. სამწუხაროდ, შთაბეჭდილება იქმნება, რომ მისი ინიცირებით ხელისუფლება ცდილობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია განზრახ შეაფერხოს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და საქართველოს ჰარვარდის კლუბის წევრები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებისა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერები:
ეკატერინე ეგუტია
გენო მალაზონია
მამუკა ხაზარაძე
მირიან ხაბურძანია
ნათია ნაცვლიშვილი
თამარ ჩუგოშვილი
ლელა ჩახაია
თამარ ღონღაძე
სიმონ ჯანაშია
ანა ლაღიძე
ნინო ფრუიძე
თეა სიფრაშვილი
გიორგი ზედგინიძე
სოფო ფანჯიკიძე
თეა გერგედავა
ეკა გურეშიძე
ნანა ღიბრაძე
გიორგი მუჩაიძე
დათო სიხარულიძე
გელა ბეჟუაშვილი
ანა ჯანელიძე
ნათია ანდღულაძე
დიმიტრი გვინდაძე
ია წეროძე
არჩილ გიორგაძე
მერი ჩაჩანიძე
მარეხ ხმალაძე
ლია მამნიაშვილი
ია გელაშვილი
სოფო გორგოძე
მერი გაბაშვილი
სოფო ტყემალაძე