ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება | მთავრობა

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება.

„საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერები და ცოდნის გამავრცელებლები გახდებიან.

ქართველოლოგიის პროგრამა, რომელიც ფუნქციონირებას ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში დაიწყებს, ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებას და გაცვლას. პროგრამაში გათვალისწინებული იქნება კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც“, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში 2021 წლის 22 სექტემბერს ქართველოლოგიის პროგრამის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველოლოგიის ახალი პროგრამის ხელმძღვანელებს საჩუქრად გადასცა უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემის სამტომეული – „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“, რომლის ავტორიც ქართული მუსიკისა და ფოლკლორის გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილია.

„ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელება 2022 წლის თებერვლიდან დაიწყება. პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანალებს, რომელიც 40 წელზე მეტია მოღვაწეობს ქართველოლოგიის მიმართულებით და საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გულითადი მხარდამჭერია. ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ლექციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.