წარსულში ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი ნიუ-იორკის სასამართლომ დღეს დამნაშავედ ცნო. მას სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება დაუმტკიცდა. ის ნიუ-იორკის პოლიციამ 2018 წლის 25 მაისს დააკავა.
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 7 კაცის და 5 ქალისგან შედგებოდა. 67 წლის ჰარვი ვაინშტაინი თავს დამნაშავედ არცერთ ბრალდებაში არ ცნობდა. მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული, სამართალდამცავები კინომაგნატის დანაშაულს იძიებენ ლონდონშიც და ლოს-ანჯელესშიც.
დაახლოებით ორი წლის წინ, ჰოლივუდში გახმაურებულმა ძალადობის ათეულობით ფაქტმა საფუძველი ჩაუყარა მოძრაობას “მეც” (#metoo). მოძრაობამ ჯერ შეერთებული შტატები მოიცვა, შემდეგ კი, ძალიან მალე, საერთაშორისო მასშტაბები მიიღო და მან ქალები შთააგონა საჯაროდ ესაუბრათ სექსუალური ხასიათის შევიწროვებაზე გავლენიან პოზიციებზე მყოფი მამაკაცების მხრიდან.