ჰელსინკის კომისია: ბუზიაშვილის და გელავას ანგარიშების გაყინვა თავდასხმაა ამერიკულ ინსტიტუტზე

პუბლიკა

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებით, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის ანგარიშების გაყინვა თავდასხმაა ამერიკულ ინსტიტუტზე, რომლის თანამშრომლებიც ისინი არიან.

„შევიტყვე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაყინა სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის საბანკო ანგარიშები იურიდიული განმარტების თუ სასამართლოს ორდერის გარეშე. მჯერა, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის პირდაპირი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე. მე ასევე მჯერა, რომ ეს არის თავდასხმა ამერიკულ ინსტიტუტზე, რომელშიც ისინი მუშაობენ.

თუ ეს მიუთითებს იმაზე, თუ რა იქნება მომავალში, ნათელია, რომ „ქართული ოცნების” მთავრობა სწრაფად მიემართება რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ. საქართველოს მთავრობამ უნდა მისცეს უფლება მკვევრებს, იმუშაონ რეპრესიების შიშის გარეშე. ჩვენი “მეგობარი აქტი” დასჯის იმას, ვინც დაარღვევს კანონის უზენაესობას”. – აცხადებს აშშ-ის ჰელსინკის კომისია.

გუშინ, 29 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „ატლანტიკური საბჭოს“ რუსული დეზინფორმაციის მკვლევრებს, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს როგორც თიბისი ბანკში, ისე საქართველოს ბანკში. მათ ანგარიშებს ყადაღა არ ადევს აღსრულების ეროვნული ბიუროსგან.

სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 24 ოქტომბერს გაჩხრიკეს. გამომძიებლებმა ამოიღეს ყველა სახის ელექტრონუნლი მოწყობილობა, მათ შორის, სოფო გელავას შვილის სასკოლო კომპიუტერი.

24 ოქტომბერს ეთო ბუზიაშვილმა თქვა, რომ მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 3 მუხლით: სსკ-ის 180-ე, 218-ე და 194-ე მუხლები – თაღლითობა, გადასახადებისგან თავის არიდება და ფულის გათეთრება.

იმავე დღეს ჩხრეკა ჩატარდა რამდენიმე სხვა ადგილას: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაჩხრიკა ამერიკული კომპანია Concentrix-ის ოფისი და მისი ერთ-ერთი თანამშრომლის, სანდრო ცხადაძის სახლი. ასევე, ქუთაისში გაჩხრიკეს მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლი. როგორც ტყეშელაშვილმა თქვა, მას უთხრეს, რომ საქმე ე.წ ქოლცენტრებს ეხება, თუმცა ამასთან შეხება არასდროს ჰქონია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ ჩხრეკა ეხება ე.წ ქოლცენტრებს. უწყების განცხადებით, „საგამოძიებო ღონისძიებები წარიმართა „სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში“.

თუმცა, მათ არ დაუკონკრეტებიათ, ამ საქმის ფარგლებში გაჩხრიკეს თუ არა ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლები.

სამთავრობ პროპაგანდისტულმა ტელეარხმა „იმედი” 25 ოქტომბერს გამოძიება დავით კეზერაშვილს დაუკავშირა.

„მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებები 2 ქალაქში ქოლცენტრებს უკავშირდება. დედაქალაქის ცენტრში აღმოჩენილია კეზერაშვილის გარემოცვის უახლოესი წევრის, ალექსანდრე ნინუას საკუთრებაში არსებული კომპანია, რომლის საშუალებითაც შავი ფული რადიკალური ოპოზიციის სალაროებში მიდის”. – თქვა საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა.

კომპანია Concentrix საქართველოში 2021 წელს სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შემოვიდა.