ჰელსინკის კომისია: მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხეში აგდებს საქართველოს მომავალს

პუბლიკა

აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ თავმჯდომარე, ჯო უილსონი, ასევე, კომისიის წარმომადგენლები, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი, მარკ ვეისი და დაფნა რენდი.

„ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ქართველმა ხალხმა აჩვენა მათი ერთგულება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, დემოკრატიულად აირჩიონ საკუთარი ლიდერები, ხოლო საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს მათ ვალდებულებას ქვეყნისა და მოქალაქეების მიმართ, რომ ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელსაც დააკვირდებიან დამოუკიდებელი დამკვირვებლები, დაუშვას პოლიტიკური ოპოზიცია, როგორც ამას აკეთებდა წლების განმავლობაში. მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხეში აგდებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და მისი ხალხის ღრმად გამჯდარ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნახსენებია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციები და MEGOBARI ACT, რომლის ინიციატორიც აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.

„MEGOBARI აქტის“ თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში „რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი“.

მეორე მხრივ კი, ის „საქართველოს მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში“ ქვეყანას გაძლიერებულ მხარდაჭერას – გაზრდილ ფინანსურ დახმარებას და სავიზო რეჟიმის შერბილებას ჰპირდება.