დღეს, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი და კონგრესმენი სტივ კოენი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურნენ. მათ გამოხატეს სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, რადგან „ისინი აგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის გადასარჩენად და აწყდებიან ძალადობრივ რეპრესიებს ხელისუფლების მხრიდან”.
განცხადებაში ნათქვამია:
„ხუთშაბათს ქართველები გამოვიდნენ ქუჩებში თბილისში და მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ხმა აემაღლებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გაცხადებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ. მშვიდობიან პროტესტს უკიდურესი ძალადობა მოჰყვა. ხელისუფლების ამ პასუხს პროტესტზე ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ.
„არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელიც აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ მანიპულირება მოახდინა ქვეყნის ოქტომბრის არჩევნებზე, რათა შეენარჩუნებინა ძალაუფლება და კვლავ უარყო ქართველი ხალხის ცალსახა მისწრაფება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მიმდინარე კვირის დასაწყისში „ქართული ოცნების” გუნდმა დანიშნა ახალი მთავრობა დანიშნა ოპოზიციის სრული ბოიკოტის ფონზე და პრეზიდენტის სანქციების გარეშე, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით. ამრიგად, ეს დე-ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია.
ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მოვუწოდებთ აშშ-ის პრეზიდენტის როგორც მოქმედ, ისე მომავალ ადმინისტრაციას, მხარი დაუჭირონ ქართველებს მათ ქვეყანაში დემოკრატიისა და თავისუფლების აღდგენის ბრძოლაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები იმ პირების დასასჯელად, ვინც დაარღვია ქართველების უფლების მშვიდობიანი პროტესტი და არჩევნები”.
28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში საქართველოს გაწევრებაზე მოლაპარაკებებს.
ამ განცხადებას მოქალაქეების მასშტაბური პროტესტი მოჰყვა.
28-29 ნოემბრის საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ ძალადობრივად დაარბია.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც მიმდინარეობს. მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან ძალადობა ამ წუთებშიც გრძელდება.