„ჰექსოგენის“ საქართველოში შემოტანის ბრალდებით დაკავებულ ორივე უკრაინელს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. შემდეგი სხდომა 3 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩანიშნა.
ბრალდებულები არიან უკრაინის მოქალაქეები, დენის შურავლოვი და მიხაილო სკრუპსკი.
მიხაილ სკრუპსკის ადვოკატის, დალი ბარბაქაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნივთის გადატანა უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა სთხოვეს.
ადვოკატის თქმით, სკრუპსკი ამბობს, რომ ნივთის გამოტანა პირველად მოუხდა და უარის თქმა ვერ შეძლო, რადგან უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებმა სთხოვეს.
მისივე განმარტებით, სკრუპსკის თქმით, ამ პირებმა საკუთარ თავი უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებად გააცნეს და პირადობები უჩვენეს, თუმცა გვარები და სახელები ვერ დაიმახსოვრა.
„მერსედესის ტიპის ტრაილერის მძღოლია. 8 წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოჰქონდა ავეჯი, ხანდახან პროდუქტი. ნივთის გამოტანის პირველი შემთხვევაა. ისეთმა ხალხმა მთხოვეს, უარი ვერ ვუთხარიო. ეს ადამიანები უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები არიან. სანაცვლოდ თანხა არ აუღია. მე, როგორც უკრაინის მოქალაქემ, ვალად მივიჩნიეო. ერთადერთი, ვკითხეო ნარკოტიკი ან რამე ხომ არ არის, შარში არ გავეხვიოო. მათ მითხრეს არა და სიტყვაზე ვენდეო. როგორც მან თქვა, გაეცნენ როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები. პირადობები მაჩვენესო, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე გვარი და სახელებიო”,- განაცხადა ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“
მედიის ინფორმაციით, მეორე ბრალდებული, დენის შურავლოვი ბრალს არ აღიარებს. „უნდოდათ ვეიძულებინე, მეღიარებინა ის, რაშიც ბრალს მდებენ“, – თქვა მან სხდომაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძემ უკრაინის 2 მოქალაქის დაკავების შესახებ დღეს დამატებითი განცხადება გააკეთა. გუშინ, 11 სექტემბერს სუსმა განაცხადა, რომ დააკავეს უკრაინის 2 მოქალაქე, რომლებსაც მანქანაში 2.4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“ ჰქონდათ.
ლაშა მაღრაძემ თქვა, რომ ეს ნივთიერება დაკავებულებს უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს, ხოლო ერთ-ერთი დაკავებული მიუთითებდა, რომ ასაფეთქებლის საბოლოო დანიშნულება რუსეთი იყო.
საქართველოში ნივთიერება, სუსის განცხადებით, რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოვიდა. ამავე დროს, სუსი ირწმუნება, რომ საქმის მასალებში მხოლოდ ერთადერთი საბოლოო ლოკაცია – თბილისი ჩანს.
სუსი ირწმუნება, რომ სწორედ ამის გამო „გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის”.
„ბრალდებულების დაკავებიდან დღე-ნახევრის განმავლობაში დამატებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედება, საიდანაც დადგინდა, რომ „მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა, რაც ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება და უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებული კონკრეტული პირისთვის გადაეცა.
მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ – რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და მისი თქმით, უნდა მოწყობილიყო ე.წ. „პაუტინა 2“, გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებში ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია – თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. სწორედ ამის გამო, გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან რადიკალური ჯგუფების დაანონსებულ გეგმებს შორის“, – თქვა სუსის უფროსის მოადგილემ.