ჰერჩინსკი 9 ნაბიჯის შესრულებაზე: დრო ცოტა რჩება, არ დაკარგოთ დრო

პუბლიკა

„ჩემი და ევროკავშირის 27 ელჩის გზავნილია, რომ ცოტა დრო რჩება, არ დაკარგოთ დრო, საქართველოსთვის ყველა ინგრედიენტი არსებობს, რომ პროგრესს მიაღწიოს და გადავიდეს შემდეგ ეტაპზე”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩი ამბობს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსთან ერთად მიიღო გზამკვლევი, რომელიც 9 ნაბიჯისგან შედგება და იმისთვის, რომ ქვეყანა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე და დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ, სწორედ ეს ცხრა ნაბიჯი უნდა შეასრულოს.

მისი თქმით, ევროკომისია გაფართოების შესახებ მოხსენებას, რეკომენდაციებთან ერთად ოქტომბერში გამოაქვეყნებს. ჰერჩინსკი ამბობს, ეს რეკომენდაციები პოზიტიური იქნება თუ ნეგატიური, დამოკიდებულია „რამდენად სწრაფად და რამდენად გადამწყვეტად შესრულდება ცხრა ნაბიჯი”, – თქვა მან.

კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებასთან ერთად, ევროპელმა ლიდერმა მოგცათ გზამკვლევი, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ. ეს გზამკვლევი შედგება ცხრა ნაბიჯისგან. ისინი ძალიან მკაფიოა. ყველა პუნქტი თანაბრად მნიშვნელოვანია. ეს იყო სადღაც ხუთი თვის წინ, მუშაობა მიმდინარეობს, მუდმივ კონტაქტზე ვართ საქართველოს მთავრობასთან. არის ვიზიტები, საქართველოს დელეგაციები დადის ბრიუსელში, ბრიუსელიდან ჩამოდიან საქართველოში, ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის 27 ელჩი გვსტუმრობს და სამუშაოები მიმდინარეობს. ჩემი და ევროკავშირის 27 ელჩისგან გზავნილი არის ის, რომ ცოტა დრო რჩება. არ დაკარგოთ დრო. საქართველოსთვის ყველა ინგრედიენტი არსებობს, რომ მიაღწიოს პროგრესს და გადავიდეს შემდეგ ეტაპზე და გახსნას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ცხრავე რეკომენდაცია უნდა შესრულდეს იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ჩვენ ფაქტობრივად უკვე დავიწყეთ ახალი გაფართოების შესახებ მოხსენების წარდგენა. იგივე პროცესს გავდივართ, რაც შარშან გავიარეთ. კონსულტაციებს გავდივართ მთავრობასთან, ასევე ვესაუბრებით ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას. ევროკომისია გაფართოების შესახებ მოხსენებას, რეკომენდაციებთან ერთად გამოაქვეყნებს ოქტომბერში და ეს რეკომენდაციები იქნება პოზიტიური თუ ნეგატიური., ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად და რამდენად გადამწყვეტად შესრულდება ცხრა ნაბიჯი საქართველოში”, – თქვა ჰერჩინსკიმ.

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.