ჰერჩინსკი: 23 ივნისს EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხებს განიხილავენ

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, 23 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ.

ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით 3 საკითხზე იმსჯელებენ: დეზინფორმაციას ევროკავშირის წინააღმდეგ, სანქციებ და უვიზო რეჟიმის საკითხს.

„ორშაბათს, 23 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. ეს მათი ყოველთვიური საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაა. ისინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.

პირველი საკითხია ევროკავშირის წინააღმდეგ უზარმაზარი დეზინფორმაცია, ევროკავშირის დემონიზაცია, რომელიც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ხორციელდება.

მეორე საკითხი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციების შემოღების შესაძლებლობაა.

ხოლო მესამე საკითხი ადამიანის უფლებების მდგომარეობის სერიოზული გაუარესების ფონზე უვიზო მიმოსვლაა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ”. – თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.

მან ასევე თქვა, რომ ევროკავშირს სურს, საქართველო იყოს დემოკრატიული ქვეყანა, სადაც კანონის უზენაესობა დაცულია, მოქალაქეები გამოხატვის და შეკრების თავისუფლებით სარგებლობენ, ქვეყანა, რომელიც უახლოვდება ევროკავშირს, რათა საბოლოოდ მისი წევრი გახდეს.

„ამისთვის ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ფუმდამენტური უფლებები, გამოხატვის, შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს”. – თქვა ელჩმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ევროკავშირი თავისუფლებას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს მტკიცედ უჭერს მხარს და ეს ღირებულებები მოლაპარაკებების საგანი არაა” და ამ კონტექსტში პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის საქმეზე ილაპარაკა.

„ჩვენ საქართველოში ბევრი აქტივისტის, ბევრი პოლიტიკოსისა და ბევრი ადამიანის შემთხვევაში უაღრესად არაპროპორციულ სასჯელებს ვხედავთ. მზია ამაღლობელის საქმე ძალიან გულდასაწყვეტია. უმაღლესი ჟურნალისტური სტანდარტების მქონე ადამიანი თითქმის ნახევარი წელია დაკავებულია და მას შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ის ყოველთვის კრიტიკულად იყო განწყობილი ყველა ხელისუფლების მიმართ და ის, რაც მან გააკეთა, არ შეესაბამება იმ სასჯელს, რომელიც შეიძლება მის წინააღმდეგ გამოიტანონ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლო პროცესის დასრულებას, მაგრამ თქვენ ნახეთ რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა ორი დღის წინ მიიღო.

ჩვენ ყველანი დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს და ვიმედოვნებთ, რომ სამართალი გაიმარჯვებს”.- თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.