ჰერჩინსკი: მედიის გადასაწყვეტია, რა განცხადებებს მიჰყვებიან, რას - არა

პუბლიკა

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მმართველი პარტიის პროპაგანდისტულ ბანერებს „სამარცხვინო“ უწოდა, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ეს იყო  „ბიძგი“ ტელევიზიებისთვის, ეს ბანერები ეთერში რომ არ გაეშვათ.

კერძოდ, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ის, რასაც ტელევიზიები აკეთებენ, არის თავნებობა“, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ „შექმნან არათანაბარი საარჩევნო პირობები „ქართული ოცნებისთვის“, რასაც, თავის მხრივ, პაველ ჰერჩინსკის განცხადებამ მისც აბიძგი“.

ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ჰკითხეს, იყო თუ არა მისი კომენტარი „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ ბანერებთან დაკავშირებით „ჩარევა“, რაზეც ელჩმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი მედიის გადასაწყვეტია, რა წესებს მიჰყვებიან.

„ევროკავშირი მხარს უჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას საქართველოში და ნებისმიერ ქვეყანაში მსოფლიოს გარშემო. თავისუფალი მედია დემოკრატიული სისტემის წინაპირობაა. მედიის გადასაწყვეტია, რა სურთ და რა – არა, რა განცხადებებს მიჰყვებიან, რას – არა. ეს ჩემი გადაწყვეტილება არ არის. მე თქვენ დამისთვის კითხვა, მედიამ და გამოვხატე ჩემი მოსაზრება. გამოვხატე ჩემი შეხედულებები და ვრჩები იმავე აზრზე ვრჩები – დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის გადასაწყვეტია, რა წესებს მიჰყვნენ”, – განაცხადა ელჩმა.

5 ოქტომბერს „მთავარმა არხმა“, „ფორმულამ“ და „ტვ პირველმ“ ერთობლივად განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ ტელევიზიებისგან ბანერების ეთერში გაშვებას მოითხოვს.

ტელეკომპანიების განცხადებით, „მიუხედავად მოსალოდნელი მძიმე ჯარიმებისა, კრიტიკული არხები არ აპირებენ, ხელი შეუწყონ  „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას და უარს ამბობენ „ამორალური“ ბანერების ეთერში გაშვებაზე, რომლებიც „ოცნებას“ ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი“.