ჰერჩინსკი: რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება, მოითხოვს სანქციებს

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ შეაფასა საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობა და თქვა, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, აშკარად მოითხოვს სანქციებს. ელჩმა მიუთითა, რომ სანქციების მოსამზადებლად მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა მას 27-ვე ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.

„მე ყოველთვის ძალიან მკაფიო ვიყავი თქვენთან, როდესაც სანქციების პოლიტიკაზე ვსაუბრობდი. ეს ძალიან რთულია ევროკავშირისათვის, რადგან ჩვენ 27 წევრი ქვეყნის ერთხმად თანხმობა გვჭირდება. თუმცა, რაც საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება, აშკარად მოითხოვს სანქციებს. ვიცი, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მოსამზადებლად. თუ მივაღწევთ ერთსულოვნებას, ეს დამოკიდებული იქნება 27-ვე სახელმწიფოზე.

ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ EU-ის ნებისმიერი სახელმწიფოსთვის რთული იქნება უგულებელყოს ძალადობისა და სისასტიკის დონე. ვნახოთ ორშაბათს, შემოიღებენ თუ არა სანქციებს. ცხადია, მოსამზადებელი სამუშაო უკვე მიმდინარეობს.

როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის მოვლენებზე პასუხად, ყველა ვარიანტი განიხილება. ეს ასევე მოიცავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ წევრი ქვეყნები. არსებობს ვარიანტი, რომ უვიზო რეჟიმი გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის შეჩერდეს.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არ გვინდა მოსახლეობის დაზარალება – ჩვენ არ გვინდა დავსაჯოთ ის ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებას გამოხატავენ, რომლებიც თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში არიან გამოსულნი და აფრიალებენ როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის დროშებს.

მაგრამ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ძალადობაზე და სისასტიკეზე არიან პასუხისმგებელი…ჩვენ ვერ დავრჩებით ჩუმად”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

მან ასევე თქვა, რომ 16 დეკემბერს შეიკრიბებიან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და საქართველოს საკითხს განიხილავენ. ამასთან, ელჩის ცნობით, საქართველოს საკითხი კვლავ განიხილება მომდევნო კვირის ბოლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებისა და მთავრობების დონეზე.