ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ულოცავს ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაციის გაცემას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით.
ჰერჩინსკი ამბობს, რომ „უპირველეს ყოვლისა ულოცავს საქართველოს მოსახლეობას – ხალხს, რომელიც მტკიცედ და თანმიმდევრულად ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ გზას”.
„გულითადად ვულოცავ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, გულითადად ვულოცავ მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, მაგრამ უპირველეს ყოვლისა – საქართველოს მოსახლეობას – ხალხს, რომელიც მტკიცედ და თანმიმდევრულად ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ გზას.
ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის, მისი ხალხის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისა და ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება. ევროპული მისწრაფებები საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს. მე არ შემხვედრია არც ერთი საქართველოს მოქალაქე ვისი სურვილიც არ იქნებოდა მისი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესრულებას უკავშირდება. ამ ნაბიჯების განხორციელება შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის გადამწყვეტი იქნება. ეს გაფართოების პროცესის ბუნებაა: მუდმივი რეფორმები, რათა ქვეყანა მზად იყოს თავისი ადგილის დასაკავებლად ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრის სტატუსით.
ანგარიში საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას აღიარებს, თუმცა მასში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ჯერ კიდევ ჩასატარებელია მნიშვნელოვანი სამუშაო ისეთი არსებითი რეფორმების სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის.
ამისათვის, საქართველომ პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა შეამციროს. ერთად ბევრი დიდი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი.
ახლა საქართველოს ლიდერებმა, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, ერთად და კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ ხალხის მისწრაფებების განსახორციელებლად და ევროკავშირის მიერ დასახული ახალი ნაბიჯების გადასადგმელად. ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირის გაფართოებამ აჩვენა: როგორც კი შედგება ფართო პოლიტიკური კონსენსუსი, რომლის შედეგად რეფორმების განხორციელება გახდება შესაძლებელი, პროცესი შეიძლება ძალიან სწრაფად წარიმართოს. ამ ნაბიჯების მიზანი არა ბრიუსელისთვის თავის მოწონებაა, არამედ საქართველოს მოსახლეობის, ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზრუნვა”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ რეკომენდაციები და მითითებები შეასრულოს, რომ ევროპულ გზაზე წავიდეს წინ და საბოლოოდ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
„დღეს ევროკომისიამ ასევე გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი დოკუმენტი (ინგლისურად) საქართველოს წინსვლის შესახებ. ეს 136 გვერდიანი ანგარიში ასახავს საქართველოს მზაობას ყველა სფეროში. მისი თითოეული თავი ასევე შეიცავს რეკომენდაციებსა და მითითებებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ევროპულ გზაზე წინსვლისთვის. ვიმუშავებთ საქართველოს ადმინისტრაციასთან ერთად, რომ რაც შეიძლება წინ წავიწიოთ.
დღეს კარგი მიზეზი გვაქვს ზეიმისთვის, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა, ერთხმად, ამ წლის დეკემბერში უნდა მიიღონ. ამ გადაწყვეტილებამდე დარჩენილია დაახლოებით 5 კვირა და ყოველი დღე მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ყოველი დღე გამოყენებული იქნება საქართველოს წინსვლისთვის ამ გზაზე .
საქართველოს მთელ მოსახლეობას, ხალხს, კიდევ ერთხელ ვულოცავ და მადლობას ვუხდი ძლიერი ევროპული მისწრაფებისა და ევროკავშირში გაწევრიანების ურყევი მხარდაჭერისთვის!
ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. სრულად მზად ვართ, დაგეხმაროთ საქართველოსთვის უკეთესი მომავლის აშენებაში, რომ თქვენ და მომავალ თაობებს უფრო უსაფრთხო და კეთილდღეობით აღსავსე ცხოვრება ქონდეს. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. გილოცავ, საქართველოვ!”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ჰერჩინსკიმ საუბარი მედიასთან კირბალში ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე საუბრით დაიწყო. ელჩმა საქართველოს და მოკლულის ოჯახს მიუსამძიმრა. ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი „საზარელ მკვლელობას მტკიცედ გმობს“.
ევროკომისიამ დღეს, 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა გააკეთა, რომელმაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
ამასთან, ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებით გასცა 9 პირობა, რომლებიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი – საბოლოო გადაწყვეტილება 14-15 დეკემბერს, სამიტზე გამოცხადდება.