ჰერჩინსკი: შეგიძლიათ EU-ის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ, თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც დიპლომატი აღნიშნავს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია, რასაც თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების პასუხისმგებლობა.

„დღეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი აღიარებს, რომ ადამიანის უფლებები თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის. 1948 წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების შემდეგ მსოფლიო ძალიან შეიცვალა. მთელ მსოფლიოში მიმდინარე არასახარბიელო ტენდენციის გამო, უნდა გავერთიანდეთ და მტკიცედ დავიცვათ ამ უფლებების უნივერსალურობა.

ეს საერთო ამოცანაა და უფრო თანაბარუფლებიანი  და ინკლუზიური მომავლისკენ მიმართული უწყვეტი პროცესი. ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირის საფუძველია. ამ ხედვის რეალობად ქცევის ძალისხმევა ევროკავშირის გაფართოების პროცესის ნაწილია და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია. მას თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის (რომელსაც დღეს ვზეიმობთ) გაუმჯობესების პასუხისმგებლობა. შეგიძლიათ, ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ, თქვენი ფუნდამენმტური უფლებების დასაცავად. გილოცავთ ადამიანის უფლებათა დღეს! დიდი მადლობა“,- აცხადებს ელჩი.

10 დეკემბერი, ადამიანის უფლებათა დაცვის დღე მსოფლიოში 1948 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს.