ჰერჩინსკი: „უცხოური გავლენის შესახებ" კანონის მიღებამ საქართველოს ევროინტეგრაცია გაყინა

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ რუსული კანონის მიღებამ საქართველოს EU-ში წინსვლის პერსპექტივაზე უარყოფითად იმოქმედა და „გაყინა“ ქვეყნის ევროინტეგრაცია. ამით მან პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსები 20-30%-მდე გაიზარდა.

ჰერჩინსკის თქმით, რა ზომები იქნება მიღებული მოლაპარაკებების გახსნის ჭრილში, მომდევნო კვირაში გამოჩნდება.

„ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობაში, ღრმა მწუხარებით უნდა გითხრათ, რომ ურთულეს პერიოდს გავდივართ. არაერთხელ ვთქვით, რომ „უცხოური გავლენის შესახებ” მოქმედი კანონი არახელსაყრელ ეფექტს მოახდენს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. სამწუხაროდ, ეს მოხდა.

მომდევნო კვირაში ევროკავშირი განიხილავს შედეგებს, დისკუსია ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება, რამდენიმე დღის შემდეგ კი, ლიდერების დონეზე. პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები განიხილავენ და გადაწყვეტენ, რა ზომებს მივიღებთ საქართველოში ამ მოვლენებზე საპასუხოდ.

ამ კანონმა საქართველოს წინსვლის პერსპექტივაზე უდავოდ უარყოფითად იმოქმედა. ამ კანონის მიღებამ გაყინა საქართველოს ევროინტეგრაცია. როგორც იცით, ევროკავშირში ინტეგრაცია საჭიროებს ერთსულოვნებას. ჩვენ უკვე მოვისმინეთ რამდენიმე ლიდერის საჯარო განცხადებები, რომ ისინი წინააღმდეგი იქნებიან საქართველოსთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების, თუკი ეს კანონი ამოქმედდება, ის უკვე ამოქმედდა და შედეგები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

კითხვაზე, კანონის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის მხრიდან რა ვერსიები განიხილება საქართველოს წინააღმდეგ, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა:

„ეს ითქვა ხმამაღლა და მკაფიოდ ჩემი ხელმძღვანელების მიერ, ევროპული კომისიის პრეზიდენტმაც თქვა, ისევე როგორც უმაღლესმა კომისარმა, მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს. ევროკომისიის სამსახურმა, საგარეო ქმედებათა სამსახურმა, ჩვენ მოვამზადეთ სხვადასხვა ვარიანტი, ეს ჩამონათვალი გავუზიარეთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და ისინი გადაწყვეტენ, რა ვარიანტები განახორციელონ.

ეს გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნას საგარეო მინისტრების დონეზე ორშაბათს ლუქსემბურგში და შემდეგ 27 ივნისს ევროპული საბჭოს დონეზე – პრეზიდენტების და პრემიერების, რაც ევროკავშირში ყველაზე მაღალი დონეა. მინდა, დავამატო, რომ ეს ხდება უკრაინისა და მოლდოვის გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის კონტექსტში, ზუსტად მომდევნო კვირას. ასე რომ, ძალიან გულდასაწყვეტია იმის ნახვა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად გაჩერებული, გაყინულია და ამავდროულად, ჩვენ წინ მივიწევთ უკრაინასთან და მოლდოვასთან“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ. [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

ამასთან, კითხვაზე, აშშ-ის შემდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე ევროკავშირიც ხომ არ ფიქრობს, პაველ ჰერჩინსკი პასუხობს, რომ ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც ევროკავშირს შეუძლია, განსხვავებულია აშშ-სგან. მისი თქმით, ევროკავშირი მთავრობათაშორისი ინსტიტუტია, რომელიც 27 სუვერენული ქვეყნისგან შედგება. ისინი კოორდინირებულად მუშაობენ და ხშირად ქცევა არ არის იდენტური.