ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ EU აგრძელებს მუშაობას, რომ ერთობლივი სანქციები დაუწესონ საქართველოში მიმდინარე აქციებზე განხორციელებულ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებს, თუმცა ის აქვე კვლავ აღნიშნავს, რომ ამისთვის 27-ვე ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო. ელჩი მიუთითებს, რომ ბრიუსელში განხილვები გრძელდება და ყველაფერი მსჯელობის საგანია.
„ყველა საკითხი განიხილება. ჩვენ განვავითარეთ პრივილეგირებული ურთიერთობა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, უვიზო მიმოსვლის საფუძველზე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისა და ახლა უკვე კანდიდატის სტატუსის საფუძველზე. მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ საქართველო, პირველ რიგში, არის დემოკრატიული ქვეყანა და, მეორე – საქართველოს სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი.
სამწუხაროდ, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვიხილეთ, სერიოზულ კითხვებს ბადებს, ჯერ ერთი, იმაზე, არის თუ არა საქართველო კვლავ დემოკრატიული ქვეყანა; და მეორე, ნამდვილად სურს თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრება. შესაბამისად, გვიწევს გადააზრება, არის თუ არა ეს პრივილეგირებული ურთიერთობა კვლავ დამსახურებული. ეს შეფასება ამჟამად კეთდება ბრიუსელში“, – განაცხადა ელჩმა.
ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ერთსულოვნება 27 წევრ სახელმწიფოს შორის მიიღწევა და სანქციების შემოიღებენ მათ წინააღმდეგ, ვინც აქციებზე მოქალაქეებზე ძალადობდა.
„მას შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ის ქმედებები, გადაწყვეტილებები და კანონმდებლობები, რასაც ვხედავთ, ეწინააღმდეგება ჩვენს პრინციპებს. ეს განცხადებები არაერთხელ გაუკეთებიათ, როგორც ევროპულ საბჭოს, ასევე, ჩვენს ყველა ლიდერს. ჩვენ საქართველოს ვთხოვდით, ნუ გააკეთებდნენ ამას, ვთხოვდით მოახლოებას, დაშორების ნაცვლად. სამწუხაროდ, ჩვენი მოწოდებები სრულად იქნა უგულებელყოფილი. უფრო მეტიც, რაც ვიხილეთ საქართველოში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, არის პოლარიზაცია, ძალადობა, სისასტიკე და ის, რომ პასუხისმგებლობა არ დაჰკისრებიათ მათ, ვინც ხალხს ქუჩებში სცემდა.
სწორედ ამიტომ, ჩვენ, როგორც ევროკავშირი ვცდილობთ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას. მაგრამ, როგორც არაერთხელ ავხსენი, იმისათვის, რომ ევროკავშირის დონეზე სანქციები დაწესდეს, საჭიროა ყველა, 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა, გვჭირდება ერთსულოვნება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეს არ გვაქვს. არსებობენ წევრი ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამას და სწორედ ამიტომ, ბევრი წევრი ქვეყანა დგამს ორმხრივ ნაბიჯებს, ისინი აწესებენ სანქციებს ინდივიდუალურად. ამავდროულად, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მუშაობს ევროკავშირის დონეზეც, რომ შემოვიღოთ სანქციები და იმედია, რომ დადგება დრო, როცა 27 წევრ სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება მიღწეული იქნება“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა პოლონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიების შემდეგ, რომელსაც პოლონეთის საელჩომ თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით უმასპინძლა. ღონისძიების თემა იყო რუსეთის საფრთხეები და მისი აღქმა პოლონეთის, უკრაინისა და საქართველოს გაკვეთილების მაგალითზე.