ჰერჩინსკი: უვიზო მიმოსვლაზე წევრი სახელმწიფოები მიიღებენ გადაწყვეტილებას

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ 2025 წლის დეკემბერში ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს, რომელზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნები იმსჯელებენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვის შეეხება ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა.

დღეს, 12 ნოემბერს „ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებას”.

ევროპარლამენტმა არაწევრი ქვეყნებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი 7 ოქტომბერს დაუჭირა. შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები“.

ჰერჩინსკის „ტვ პირველის” ჟურნალისტმა ჰკითხა, ეხება თუ არა ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის ცვლილება საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს.

პაველ ჰერჩინსკიმ თქვა:

„ამ კითხვას საკმაოდ ხშირად მისვამენ და ვცდილობ, არ ვუპასუხო, რადგან უბრალოდ სპეკულირება არ მინდა. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ახალი მექანიზმი მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ.

რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ შემდეგ თვეში, დეკემბერში, ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც. ამ ანგარიშს გაუზიარებენ წევრ სახელმწიფოებს და წევრი სახელმწიფოები განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას. რა სახის გადაწყვეტილებას მიიღებენ წევრი სახელმწიფოები – ეს ნამდვილად ისეთი რამაა, რაზეც სპეკულირება არ მინდა”.

მისივე განცხადებით, დამაკმაყოფილებელი არ არის საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკომისიის მიერ მიღებული პასუხები რეკომენდაციების შესრულების შესახებ.

„საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებული ამ პასუხის საფუძველზე დეკემბერში გამოქვეყნდება ვიზების შეჩერების მექანიზმის ახალი ანგარიში. მას წევრ სახელმწიფოებს გაუზიარებენ და გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები მიიღებენ”. – ამბობს ევროკავშირის ელჩი.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ქვეყნის მოსახლეობას შეეხება. ცალკეული ადამიანებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ არის ვიზალიბერალიზაციის მექანიზმი – ეს სანქციების ფორმაა.