გამოცემა Foreign Policy „ქართული ოცნების” ახალი რეპრესიული კანონმდებლობის, FARA-ს შესახებ სტატიას აქვეყნებს.
გამოცემა მიმოიხილავს საქართველოში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განვითარებულ მოლენებს, მათ შორის, არჩევნების შესაძლო გაყალბებას, „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ევროინტეგრაცია, საპასუხო საპროტესტო გამოსვლებს და საკანონმდებლო ინიციატივას – ე.წ FARA-ს, რომელიც „ოცნებამ” „ამერიკულიდან სიტყვასიტყვით გადმოიწერა” და რეალურად რეპრესიულ ხასიათს ატარებს.
მასალაში ვკითხულობთ:
„ქართული ოცნება” ცდილობს, ოპოზიციის ჩახშობის ბოლოდროინდელი მცდელობები აშშ-ის კანონმდებლობით შეფუთოს. თებერვალში პარტიამ წარმოადგინა „უცხოეთის აგენტების” შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელსაც სიტყვასიტყვით დაარქვეს აშშ-ის კანონის სახელი – FARA – „უცხო ქვეყნის აგენტების რეგისტრაციის აქტი”, რომელიც აშშ-ში 1938 წელს ნაცისტური პროპაგანდის საწინააღმდეგოდ ამოქმედდა.
FARA „უცხოელი პრინციპალის აგენტს“ ავალდებულებს, დარეგისტრირდეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში და მოიცავს საქმიანობის ფართო სპექტრს.
ქართული კანონპროექტის თანახმად, „უცხოელი პრინციპალი” მოიცავს არა მხოლოდ უცხო ქვეყნის მთავრობას და პოლიტიკურ პარტიებს, არამედ უცხოურ კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ცალკეულ პირებს.
„აგენტი” შეიძლება იყოს ნებისმიერი, ვინც უბრალოდ მოქმედებს პრინციპალის თქოვნით ან ვიღაც, ვისაც პრინციპალი აფინანსებს.
რეგისტრაციაზე უარის თქმა იწვევს ჯარიმებს ან პატიმრობას 5 წლამდე.
წამყვანი ამერიკული სამოქალაქო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „FARA-ს ზედმეტმა განზოგადებულობამ და ბუნდოვანებამ შესაძლოა დააზიანოს და შეასუსტოს პირველი შესწორებით გარანტირებული სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლება. ამ კანონს აქვს ისტორია, როდესაც მას არასასურველი გამოხატვის ჩასახშობად იყენებდნენ.“
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ FARA ზედმეტად განზოგადებული და ფართოა, მას მაინც ზღუდავს აშშ-ის კონსტიტუცია და დამოუკიდებელი ფედერალური სასამართლოები, ასევე, მასზე გავლენას ახდენს იუსტიციის დეპარტამენტის აღსრულებითი გადაწყვეტილებები.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ, რომელიც წარსულში თავადაც ყოფილა უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ლობისტი, თქვა, რომ FARA-ს საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნა „შემოისაზღვრება იმ შემთხვევებით, როდესაც სავარაუდო ქმედება უცხო ქვეყნის ტრადიციულ ჯაშუშობას ჰგავს”.
ორგანიზაცია ICNL (International Center for Not-For-Profit Law) ამბობს, რომ „ბევრი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია (NGO) და მედია იღებს უცხოურ გრანტებსა და სხვა სახის მხარდაჭერას, თუმცა აშშ-ს მათთვის არ დაუკისრებია FARA-ს მიხედვით უცხოელი აგენტების სტატუსით რეგისტრაციის ვალდებულება”.
უფრო მეტიც, 2023 წლის მონაცემებით, რეგისტრირებულთა მხოლოდ მცირე ნაწილი – დაახლოებით 5% – იყო არაკომერციული ორგანიზაცია.
ასეთი შეზღუდვების გარეშე FARA-ს სრულად გადმოტანა ისეთ განსხვავებულ კონტექსტში, როგორიც საქართველოშია, „ქართულ ოცნებას” სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დევნის საშუალებას მისცემს.
ეს ასევე მოიტანს სრულად აბსურდულ შედეგებს. მაგალითად, ახალი კანონის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც, მაგალითად, უცხოურ მედიას, ელჩს ან ინვესტორს საქართველოს პოლიტიკაზე ნებისმიერ ინფორმაციას მიაწვდის, მოუწევს, უცხოურ აგენტად დარეგისტრირდეს, იმიტომ, რომ ეს ამ კანონით „პოლიტიკურ კონსულტანტად” ჩაითვლება.
მიუხედავად სერიოზული ხარვეზებისა, კანონს აპრილს მიიღებენ, 60 დღეში კი – ამოქმედდება.
ეს კანონი განსაკუთრებით მძიმე გავლენას მოახდენს ქართულ სამოქალაქო სექტორზე. უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციები განიხილავენ საქმიანობის სრულად შეწყვეტას, რადგან რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობა შეიძლება თავისუფლების აღკვეთით დასრულდეს.
ვითარებას კიდევ უფცრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ მარტის შუა პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ გაყინა იმ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები, რომლებიც თვითნებურად დაკავებული მომიტინგეებისათვის ზედმეტად მაღალი ჯარიმების გადახდაში ეხმარებოდნენ. ეს მხოლოდ საპროტესტო მოძრაობის ჩახშობის მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს.
ამ ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა” (ODIHR) გადაუდებელი დასკვნა გამოაქვეყნა და სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით, მათ შორის გაერთიანების თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებების კუთხით.