15 სექტემბერს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებამ ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლებისთვის განახლებული რეკომენდაციები შეიმუშავა.
კერძოდ, შემსუბუქებული რეკომენდაციების თანახმად, გაუქმებულია სკოლის შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგისა და პირბადის ტარების ვალდებულება.
სკოლაში პირბადე საიზოლაციო სივრცეში მყოფმა და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა 10 დღის განმავლობაში უნდა ატარონ. ამასთან, პირბადის ტარება მიზანშეწონილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მათი სამუშაო მოითხოვს მოსწავლესთან პირისპირ კონტაქტს 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით.
ახალი სასწავლო წლიდან საკლასო ოთახებსა და დერეფნებში მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვისა და მოსწავლეთა ცვლებში გადანაწილების ან საგაკვეთილო ცხრილის განტვირთვის მიზნით ჰიბრიდული სწავლების შემოღების ვალდებულებაც მოიხსნება.
2022-2023 სასწავლო წლიდან დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რისკჯგუფს წარმოადგენენ – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობისა და მშობლის მიმართვის საფუძველზე, მათ ექნებათ საშუალება გადავიდნენ შინ სწავლების რეჟიმზე.
Covid-19-ის გამოვლენის შემთხვევაში, ვირუსის შიდა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სკოლის მასწავლებელი/თანამშრომელი ან/და სკოლის მოსწავლე დაექვემდებარება იზოლაციას ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ვადით.
აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებული პირები აღარ დაექვემდებარებიან კარანტინს. შესაბამისად, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სკოლებზე არ გავრცელდება წერტილოვანი შეზღუდვები, რაც ცალკეული კლასის/კლასების ან სკოლის სრულად დისტანციური სწავლის მოდელზე გადასვლას გულისხმობდა. ამასთან, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებს არ ექნებათ ვალდებულება, ორ კვირაში ერთხელ ჩაატარონ მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება.
განახლებული რეკომენდაციები სკოლის ტერიტორიაზე არსებული საკვები დაწესებულებებისა და სასკოლო წრეების შეზღუდვების მოხსნასაც ითვალისწინებს. შესაბამისად, 2022-2023 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განახლდება სასკოლო ბუფეტებისა და სასკოლო წრეების ფუნქციონირება.