გუშინ უკრაინის თავდაცვის შესახებ საკონტაქტო ჯგუფის, იმავე „რამშტაინის ფორმატის“ მორიგი შეხვედრა გაიმართა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ონლაინშეხვედრას 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო.
„ჩვენ ვხედავთ ქვეყნებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომლებიც კვლავინდებურად გამოთქვამენ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემებითა და ამუნიციით დახმარების მზადყოფნას. ეს, მართლაც, შთამბეჭდავი ძალისხმევაა“, – განაცხადა ოსტინმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობს, რომ უკრაინა განაგრძობს მხარდაჭერის მიღებას როგორც ხმელეთზე თავდაცვისთვის, ისე ზღვასა და ჰაერში. მისივე თქმით, უკრაინა სხვადასხვა ქვეყნიდან განაგრძობს ან მიიღებს ახალ მხარდაჭერას შეიარაღებით, საბრძოლო მასალით, თავდაცვისთვის განკუთვნილი სხვა საჭიროებებითა და უკრაინელი სამხედროების წვრთნების გზით.
„კოლეგებთან შეთანხმებით, ჩვენ ინტრიგად ვტოვებთ არსებული და ახალი მხარდაჭერის პაკეტებს… მათ პირველად ბრძოლის ველზე ჩვენი მტერი იგრძნობს“, – თქვა რეზნიკოვმა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ახალი სამხედრო დახმარების სახით აშშ უკრაინას კიდევ ოთხ მულტიკალიბრულ სარაკეტო სისტემას – M142 HIMARS-ს გადასცემს. ამ სისტემების გამოყენებით უკრაინელებმა მოწინააღმდეგის ზურგში არაერთი სარაკეტო იერიში უკვე მიიტანეს. როგორც ცნობილია, ახალი HIMARS-ების მიღების შემდეგ, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული M142-ის რაოდენობა 16-ს მიაღწევს.
აშშ ახალ დახმარებაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას მომდევნო დღეებში გამოაქვეყნებს.
უკრაინისადმი მხარდაჭერის შესახებ განაცხადა ლიეტუვის ხელისუფლებამაც. ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისინი უკრაინას M113 და M577 ტიპის ჯავშანტრასპორტიორებს გადასცემენ და უკრაინელ სამხედროებს გაწვრთნიან.
ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინისთვის მიწოდებული ან დაპირებული M113-ების რაოდენობა ამ ჯავშანმანქანას უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს. სამხედროებისთვის წვრთნების ჩატარება კი უკრაინელთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.
„რამშტაინის ფორმატის“ გარდა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე ისაუბრეს ევროკავშირშიც. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას დამატებით 500 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევენ.