საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების დაკავებას ეხმაურება. ის X-ზე წერს:
„ევროკავშირი გმობს ამ შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებას. უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ. ამ უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების ქმედებებს შედეგები უნდა მოჰყვეს“.
11 იანვარს ბათუმში აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, ისინი პლაკატს აკრავდნენ წარწერით „გაიფიცე“. ამავე დღეს დააკავეს „ბათუმელების“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი, მან კედელზე გააკრა სტიკერი წარწერით: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე”. რამდენიმე საათში დაკავებულთაგან 4: მზია ამაღლობელი, თეონა ბერიძე, ციალა ქათამიძე და ნანა შავაძე გაათავისუფლეს. მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, სისხლის სამართლის წესით – მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
მზია ამაღლობელისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. პროცესი 14 იანვარს 11:00 საათზეა ჩანიშნული.
12 იანვარს თბილისში რესტორან „ბაბილოსთან“, სადაც მოსამართლეები ქეიფობდნენ, აქციის 9 მონაწილე დააკავეს ადმინისტრაციული წესით.